კონგოში მომხდარ ავიაკატასტროფას ორი ქართველი ემსხვერპლა
კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 7 სექტემბერს მომხდარი ავიაკატასტროფის დროს სულ ცოტა რვა ადამიანი, მათ შორის საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე AN-12 ტიპის თვითმფრინავის პილოტები იყვნენ. თვითმფრინავმა ქალაქ გომასთან დაშვების დროს განიცადა კატასტროფა.
საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავი ქართულ კომპანია ”ტრანსავიასერვისს” ეკუთვნოდა. კომპანია, რომელიც 1995 წელს დარეგისტრირდა საქართველოში, ძირითადად სატვირთო გადაზიდვებს ახორციელებდა.
”უშუალად ამ თვითმფრინავს მარტის შემდეგ ტექნიკური შემოწმება არ გაუვლია, რადგანაც საექსპლოატაციო ვადა მარტში გაუვიდა,” – განუცხადა Civil.Ge-ს საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ქეთი ბასილაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ორი წევრი უკრაინიდან იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელის ბორის მალახოვის განცხადებით, რუსეთის საელჩო კონგოში მზად არის დახმარება აღმოუჩინოს საქართველოს და უკრაინას.
”რადგანაც საქართველოს და უკრაინას საელჩეოები არ აქვთ კონგოში, რუსეთის საელჩო კინშასაში მზად არის გაუწიოს ამ ქვეყნების წარმომადგენლებს საჭირო საკონსულო დახმარება,” – განუცხადა მალახოვმა ”რია ნოვოსტის”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)