გოცირიძე თანამდებობიდან წასვლას პოლიტიკისათვის ანგარიშის გაწევით ხსნის
ეროვნული ბანკის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, მისი თანამდებობიდან წასვლა პოლიტიკური გარემოებებისათვის ანგარიშის გაწევაა.
”რა თქმა უნდა უნდა პოლიტიკა არის ძალიან რთული და ჩემი საკუთარი ნებით აქედან სხვა თანამდებობაზე გადასვლა, ეს ნიშნავს ანგარიშის გაწევას გარემოებებისადმი,”- განაცხადა გოცირიძემ 10 სექტემბერს და ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვამი გაიხსენა: ”როდესაც სათქმელი გაქვს ძალიან ბევრი, სჯობს არაფერი თქვა”.
მან დღეს ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც განცხადება დაწერა ეროვნული ბანკიდან წასვლის თაობაზე. მას უფლებამოსილება უახლოეს ხანებში შეუჩერდება.
გოცირიძემ ”წარმატებულად” შეაფასა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე 2005 წლის გაზაფხულიდან გაწეული საქმიანობა. გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ ის სხვა თანამდებობაზე აპირებს მუშაობის გაგრძელებას, თუმცა ჯერ-ჯერობით თავი შეიკავა მისი დასახელებისაგან.
”ჩემი მომავალი საქმიანობა იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც იყო [პარლამენტის] საბიუჯეტო ოფისში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში და როგორიც იყო, განსაკუთრებით, ეროვნულ ბანკში,”- განაცხადა მან.
გოცირიძემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ეროვნულ ბანკში მისი მმართველობის დროს 1.4 მლრდ ლარს გადააჭარბა უცხოური ვალუტის რეზერვებმა, რაც ისტორიული მაქსიმუმია საქართველოსთვის.
”სხვათა შორის, როცა მე მოვედი, ის იყო მხოლოდ 200 მლნ, დღეს კი არის 7,5-ჯერ მეტი,”- დასძინა მან.
გოცირიძის შემცვლელად პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა 30 აგვისტოს ყოფილი ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დაასახელა. 7 სექტემბერს ნოღაიდელმა განმარტა, რომ ეს წარდგინება პრეზიდენტის დავალებით გააკეთა.
თუმცა ეროვნული ბანკის მომავალი პრეზიდენტის კანდიდატურა ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. კანდიდატის ირგვლივ აქტიური კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკრიტიკა მასთან შეუთანხმებლად ალექსიშვილის კანდიდატურის დასახელება. მას ამ პოსტზე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის გაყვანა სურს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)