პატარკაციშვილი უარყოფს ტელეკომპანია ”იმედის” რკინიგზაში გაცვლას
გავლენიანმა ბიზნესმენმა ბადრი პატარკაციშვილმა 10 სექტემბერს უარყო ვარაუდები იმის თაობაზე, რომ იგი თავისი მედია ჰოლდინგის ”იმედის” სანაცვლოდ საქართველოს რკინიგზის მფლობელი გახდა.
აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შპს ”საქართველოს რკინიგზის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი მართვის უფლებით გადაეცა Parkfield Investment Ltd.-ს 99 წლის ვადით. კომპანია Parkfield Investment Ltd. ცოტა ხნის წინ სწორედ ამ საინვესტიციო პროექტის განხორციელების მიზნით შექმნა რამოდენიმე ინვესტორმა, რომელთა ვინაობაც ცნობილი არ არის.
ინფორმაციის ნაკლებობამ წარმოშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ Parkfield Investment Ltd.-ის უკან შესაძლოა ბადრი პატარკაციშვილი დგას. ამავე ვარაუდების თანახმად, პატარკაციშვილი ხელისუფლებას გაურიგდა, რომ დათმობდა თავის აქციებს მედია ჰოლდინგში ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მართვის უფლების სანაცვლოდ. ”იმედის” თანამფლობელია ასევე News Corporation.
”არ არსებობს ისეთი ღირებულების ბიზნესაქტივი საქართველოში, რომელშიც ”იმედი” შეიძლება გაიცვალოს,” – განუცხადა პატარკაციშვილმა ჟურნალისტებს თბილისში, ”იმედი არ არის ისეთი რამ, რისი გაცვლაც შეიძლება”.
მისი თქმით, იგი გეგმავს შექმნას უფრო ფართომასშტაბიანი, ”რეგიონალური სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგი”, რომელიც გააერთიანებს ”იმედს” და მის ახალ შეძენილ ბიზნესს.
პატარკაციშვილის Salford Georgia-მ და მისმა პარტნიორმა კომპანიამ Compound Capital Ltd.-მ აგვისტოში 154.5 მილიონ აშშ დოლარად ამერიკაში განთავსებული Metromedia International Group,Inc.-ი და საქართველოში არსებული მისი ბიზნესი შეიძინა.
საქართველოში Metromedia International Group,Inc.-ის საკუთრებაშია მობილური კომპანია MagtiCom-ის აქციების 34.5%, საკაბელო ტელევიზია ”აიეტის” 85% და ”ტელეკომის” 30%.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)