თბილისი რუს სამშვიდობოებს საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლებას თხოვს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ მეღვრეკისთან მდებარე საგუშაგოზე დღეს რუსმა სამშვიდობოებმა ავტომობილით მოძრავი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს და ცხინვალში გადაიყვანეს, აცხადებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძე.
”ჩვენ მოვითხოვთ სასწრაფოდ იქნეს გამოშვებული ეს ორი ადამიანი,”- განაცხადა დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე.
მისი ინფორმაციით, რუსმა სამშვიდობოებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაკავებულებს და ცხინვალში ჯავშანმანქანით, შემოვლითი გზით გადაიყვანეს, რაც ”უკანონობაა”.
ბაქრაძის განცხადებით, მეღვრეკისის საგუშაგოს მხოლოდ სადამკვირვებლო ფუნქცია აქვს და არა საკონტროლო. ამდენად, ”ამ სტატუსის მქონე პუნქტის სამხედრო მოსამსახურეებს არ აქვთ უფლება აწარმოონ მოქალაქეების გაჩერება და შემოწმება,”- აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი.
ქართული მხარე შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობისაგან ამ ფაქტზე ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას და კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი სამშვიდობოების დასჯას მოითხოვს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)