სამხედროთა რაოდენობის გაზრდა იგეგმება

თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რაოდენობის 28 ათასიდან 32 ათას სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდა იგეგმება. შესაბამისი კანონპროექტზე პარლამენტი უახლოეს ხანებში იმსჯელებს.


თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ზაზა გოგავას განცხადებით, საერთო რიცხოვნობის ზრდის შედეგად იგეგმება მე-5 ბრიგადის ჩამოყალიბება საკონტრაქტო სამსახურის საფუძველზე.


სამხედროთა რაოდენობის გაზრდის გეგმებს ”აბსოლუტურად ლოგიკური” უწოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.


”ეს არის აუცილებელი პირობა ჩვენი ქვეყნისთვის იმ ამოცანების მისაღწევად, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და იმ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს წინაშეა”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.


2005 წლისათვის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის მაქსიმალურ ზღვარი 23 ათასი იყო, 2006 წელს –  26 ათასი, რაც 2007 წლისთვის 28 ათასამდე გაიზარდა.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)