მეღვრეკისთან დაკავებული ორი ქართველი გაათავისუფლეს
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, სოფელ მეღვრეკისთან 11 სექტემბერს დაკავებული ორი ქართველი რუსმა სამშვიდობოებმა მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ ეს კატეგორიულად მოითხოვა.
შერეული სამშვიდობო ძალების სარდლობის ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების და ცხინვალში გადაყვანის მიზეზი გახდა საბუთების შემოწმების დროს გაწეული წინააღმდეგობა.
”სარდლობა საქართველოს მოქალაქეების ამ ქმედებას განიხილავს, როგორც პროვოკაციას სამშვიდობოების წინააღმდეგ,”- ნათქვამია შეტყობინებაში, რომელსაც სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
თუმცა ქართული მხარე აცხადებს, რომ მოქალაქეების დაკავება უკანონოდ მოხდა და რუს სამშვიდობოებს არ ჰქონდათ უფლება მათი საბუთების შემოწმების, რადგან მეღვრეკისის საგუშაგოს მხოლოდ სადამკვირვებლო ფუნქცია გააჩნია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)