პარლამენტში შესაძლოა კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნას

პარლამენტში არსებულ 7 ფრაქციას უახლოეს მომავალში შესაძლოა ახალი ოპოზიციური ფრაქცია შეემატოს მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელბახიანის ხელმძღვანელობით, იუწყება ქართული მედია.


ახალ ფრაქციაში, რომლის შესაქმნელად  მინიმუმ 10 დეპუტატის გაერთიანებაა საჭირო, 5 დეპუტატი მოიაზრება ფრაქცია ”დამოუკიდებელი მაჟორიტარებიდან”, რომლის თავმჯდომარის მოადგილე ამჟამად ვალერი გელბახიანია; ასევე ”ნაციონალური მოძრაობიდან” გასული დეპუტატები გოჩა ჯოჯუა და გოგი წულაია; დეპუტატი ”ლეიბორისტული პარტიიდან” თემურ დოლიშვილი და ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” შემადგენლობაში მყოფი რამდენიმე დეპუტატი, რომლებთანაც გავრცელებული ინფორმაციით, კონსულტაციები კვლავაც მიმდინარეობს.


”ვართ 15-მდე პარლამენტარი, რომლებიც ვსაუბრობთ ფრაქციის შექმნაზე და მე მგონი, შევძელით მოლაპარაკებების დასრულება და რამდენიმე ხანში განვაცხადებთ ამ ფრაქციის შექმნის შესახებ,”- განუცხადა ტელეკომპანია ”მზეს” 12 სექტემბერს გოგი წულაიამ.


ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ 132-წევრიანი მმართველი ფრაქციის სიმყარეს რამდენიმე დეპუტატის გასვლა ვერ შეარყევს.


გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობს კონსულტაციები ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დასაყრდენი საპარლამენტო ფრაქციის შექმნის თაობაზე, სადაც ასევე აპირებენ გაერთიანებას დეპუტატები მმართველი ფრაქციიდან.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)