თურქეთის აფხაზური დიასპორა სავიზო რეჟიმის გამარტივებას ითხოვს

თურქეთში მცხოვრები აფხაზები თხოვნით მიმართავენ დე ფაქტო ლიდერს სერგეი ბაღაფშს, რათა მან იშუამდგომლოს რუსეთთან აფხაზური დიასპორისათვის სავიზო პროცედურების გამარტივების თაობაზე, იუწყება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი 12 სექტემბერს.


მიმართვაში საუბარია, რომ ბოლო დროს რუსეთის გავლით აფხაზეთში შესვლა გამკაცრდა, რადგან თურქეთის აფხაზი მოქალაქეები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან რუსეთის ვიზების მიღების დროს.


”აფხაზებს თურქეთიდან ადრე არ ექმნებოდათ პრობლემები რუსეთის ვიზების მიღებისას,”- ნათქვამია ინფორმაციაში.


იმავდროულად, აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი იუწყება, რომ 14 სექტემბრიდან მუშაობას შეუდგება სამუშაო ჯგუფი, რომელიც თურქეთში მცხოვრები აფხაზების რეპატრიაციის პროგრამას მოამზადებს.


”რეპატრიაციის სახელმწიფო პროგრამამ უნდა მიიღოს კონცეფციის სახე, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველაფერი: ვადები, დაფინანსება, სახელმწიფოს შესაძლებლობები,”- აცხადებს აფხაზი პარლამენტარი სონერ გოგუა.


მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობა მიიღონ პოტენციურმა რეპატრიანტებმა, რომელთა ”დაბრუნებაზეც ჩვენ ვოცნებობთ”.


მე-19 საუკუნეში ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებული აფხაზების დაბრუნება სოხუმის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს იმ პირობებში, როცა თვითგამოცხადებულ რეგიონში მცხოვრებ აფხაზთა რაოდენობა 70 ათასს არ აღემატება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)