შიდა ქართლში ახალი სამხარეო რწმუნებული წარადგინეს
შიდა ქართლში პრეზიდენტის ახალ რწმუნებულად პარლამენტარი მმართველი პარტიიდან, ვლადიმერ გეგელაშვილი დაინიშნა.
29 წლის გეგელაშვილი 2004 წლამდე ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის გორის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
”ლადო არის დაბადებული და გაზრდილი გორში, არის აქტიური წევრი ნაციონალური პარტიის… პრეზიდენტმა ის აქ გამოაგზავნა, რომ გააკეთოს საქმე,”- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ეკა შარაშიძემ დღეს გორის ადმინისტრაციაში ახალი გუბერნატორის წარდგენისას.
შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობა 12 სექტემბერს გახდა ვაკანტური. ყოფილი რწმუნებული მიხეილ ქარელი პრეზიდენტმა იმავე დღეს გადააყენა პოსტიდან, რაც ქარელმა ხელისუფლება გორში მაღალჩინოსნების დაკავების შედეგად განვითარებული მოვლენების გამო გააკრიტიკა.
თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მიხეილ ქარელს კომენტარი არ გაუკეთებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)