მეგობართა ახალი ჯგუფი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ”სოლიდარობას” უცხადებს
საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, იტყობინება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ამის შესახებ საუბარია დეკლარაციაში, რომელიც 13-14 სექტემბერს ვილნიუსში საქართველოს ახალი მეგობართა ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში მიიღეს ესტონეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, რუმინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები.
დეკლარაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და ტერიტორიული მთლიანობა ფუნდამენტურია ევროპული უსაფრთხოებისათვის; საქართველოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირსა და ნატოსთან კი ხელს შეუწყობს რეგიონში სტაბილურობასა და ”საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა გაუმჯობესებას”.
”ევროკავშირს გააჩნია ინტერესი საქართველოში და ჩვენ მას მოვიყვანთ სისრულეში; და ჩვენ გამოვდივართ ნებისმიერი სახის პროვოკაციის წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში,”- ნათქვამია დეკლარაციაში.
საქართველოს მეგობართა ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას დადოს შეთანხმებები ევროკავშირთან შეღავათიანი სავიზო რეჟიმისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.
ნატოსთან ურთიერთობების კონტექსში, მეგობართა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საქართველო გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მისაღებად მზადაა და აღნიშნავს ამ საკითხზე ”დებატების გადაუდებელ” საჭიროებას.
იმავდროულად, დეკლარაციის ხელმომწერნი მიანიშნებენ, რომ ”ნატოს ფარგლებს გარეთ არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია ვეტოს უფლება ალიანსის გადაწყვეტილებებზე”.
საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფი 2005 წლის თებერვალში საქართველოს ინიციატივით შეიქმნა. მასში გაერთიანდნენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, მოგვიანებით კი შეუერთდა ჩეხეთის რესპუბლიკა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)