თამარაშენში მაღალი რანგის კონფერენცია გაიმართება
საქართველოს მთავრობა 21 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში კონფერენციის ჩატარებას გეგმავს, სადაც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები განიხილება.
კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, რომელიც კონფერენციის ორგანიზატორია, 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის არიან საქართველოში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები, მათ შორის რუსეთის ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო.
თუმცა, რუსეთის ელჩის მონაწილეობა ნაკლებ სავარაუდოა, რადგანაც კონფერენციაზე სიტყვის გამოსვლას გეგმავს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
კონფერენციას, რომელსაც ასევე დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები და დეპუტატები, წინ უსწრებს სეპარატისტული ხელისუფლების მიერ 20 სექტემბერს რეგიონის ე.წ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)