ყრილობის მონაწილეები რუსეთს სამხრეთ ოსეთის აღიარებას თხოვენ

ოსების მეექვსე საყოველთაო ყრილობამ მოუწოდა რუსეთის ხელმძღვანელობას აღიაროს სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.


”ყრილობა, რომელიც წარმოადგენს ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის ხალხის ნებას, დაჟინებული თხოვნით მოგმართავთ, განიხილოთ სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხი,” – ნათქვამია ყრილობის მიერ მიღებულ განცხადებაში.


განცხადება მიმოიხილავს ისტორიის ცხინვალისეულ ხედვას და აღნიშნავს, რომ საქართველო ყოველთვის ცდილობდა გასული საუკუნეების მანძილზე დაეჩაგრა ეთნიკური ოსური მოსახლეობა.


კიდევ ერთ განცხადებაში ყრილობამ დაგმო დიმიტრი სანაკოევის დროებითი ადმინისტრაცია და მას ”მარიონეტული მთავრობა” უწოდა.


18-19 სექტემბერს გამართულ ყრილობაზე დაახლოებით 500 ეთნიკური ოსი შეიკრიბა დაახლოებით 11 ქვეყნიდან. ყრილობას 19 სექტემბერს შეუერთდა ჩრდილოეთ ოსეთის ლიდერი თეიმურაზ მამსუროვი.  


შეკრება მნიშვნელოვანი მოვლენაა სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლებისთვის, რომელიც შეეცდება იმის დემონსტრირებას, თუ რა დიდი მხარდაჭერა აქვს დე ფაქტო ხელისუფლებას ეთნიკურ ოსებს შორის.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)