კოვალენკო: თამარაშენის კონფერენცია არ ემსახურება ნდობის აღდგენას
რუსეთის ელჩმა ვიაჩესლავ კოვალენკომ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში მიმდინარე კონფერენცია ”არ ემსახურება ნდობის აღდგენას” თბილისსა და ცხინვალს შორის.
კონფერენცია, სადაც საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები განიხილება, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ინიციატივით ტარდება და მასზე დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიწვეული იყო რუსეთის ელჩიც. თუმცა კოვალენკომ მონაწილეობაზე უარის შესახებ ერთი კვირის წინ აცნობა ორგანიზატორებს.
”მე ავუხსენი მოტივი ბატონ ბაქრაძეს, რატომ არ წავალ იქ [თამარაშენში]. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონფერენცია არ ემსახურება ნდობის აღდგენის საქმეს, ე.ი არ ემსახურება მშვიდობის დამყარებას საქართველოს მიწაზე,” – განაცხადა ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში ვიაჩესლავ კოვალენკომ.
მისი თქმით, სამხრეთ ოსეთთან კონფლიქტის მოგვარების პროცესს აფერხებს ასევე რეგიონის დროებითი ადმინისტრაცია და მოძრაობა ”კოკოითი ფანდარასტი”, რომლის მიზანია სახალხო ზეწოლის გზით აიძულოს დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი წავიდეს ხელისუფლებიდან.
”თვითონ სიტყვები ”კოკოითი წადი”, ვფიქრობ, შეიცავს ისეთ რამეს, რაც ხელს არ უწყობს შერიგებას”, – აღნიშნა რუსეთის ელჩმა.
შსკ-ს თანათავმჯდომარემ სამხრეთ ოსეთის მხრიდან ბორის ჩოჩიევმა გააკრიტიკა უცხოელი დიპლომატები კონფერენციაში მონაწილეობის გამო და აღნიშნა, რომ ”მათი მონაწილეობა მხოლოდ დაძაბულობას ამწვავებს რეგიონში”.
”ისინი [უცხოელი დიპლომატები] უშედეგო ღონისძიებაში მონაწილეობენ. დიმიტრი სანაკოევი არავის არ წარმოადგნეს სამხრეთ ოსეთში და ამიტომ ელჩების მონაწილეობა ამახინჯებს რეალურ ვითარებას რეგიონში”.
ამავდროულად, უცხოელ დიპლომატთა კოლონა, რომელიც თამარაშენში მიემართებოდა, რუსმა სამშვიდობოებმა გააჩერეს და ცოტა ხნით გზა გადაუკეტეს, იტყობინება ქართული მედია. სამშვიდობოების სარდლობამ ამის მიზეზად უსაფრთხოების დაცვა დაასახელა, თუმცა კოლონა მალევე გაუშვეს თამარაშენისკენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)