”კოკოითი ფანდარასტი” ცხინვალში ფარულ მოქმედებებს იწყებს

მოძრაობა ”კოკოითი ფანდარასტ”-ის აქტივისტებმა 20 სექტემბერს ღამით ცხინვალში პროკლამაციები გაავრცელეს, განაცხადა მოძრაობის დამაარსებელმა ვლადიმერ სანაკოევმა. 


თუმცა, სამხრეთ ოსეთის მხარის განცხადებით, პროკლამაციები მოძრაობა ”კოკოითი ფანდარასტის” სიმბოლოებით პატარა თვითმფრინავიდან ჩამოყარეს, რომელმაც კონფლიქტის ზონას დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა.


”მას შემდეგ, რაც ვერ შეძლეს ე.წ. ”მშვიდობის მარშის” მოწყობა, ქართულმა მხარემ გადაწყვიტა ამგვარი პროვოკაციებისთვის მიემართა,”  – ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ”კონფლიქტის ზონის თავზე გადაფრენა არსებული შეთანხმებების უხეში დარღვევაა”.


იმავდროულად, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ვლადიმერ სანაკოევმა განაცხადა, რომ ცხინვალში დაწყებული აქტივობები აშკარა ნიშანია იმისა, რომ სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ანტი-სეპარატისტული მოძრაობა არსებობს. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.


”ჩვენი აქტივისტები თავიანთი სიცოცხლის ფასად რისკავდნენ და მათი მადლიერები უნდა ვიყოთ,” – განაცხადა სანაკოევმა.


ინფორმაცია მოძრაობის აქტივისტების ცხინვალში გააქტიურებასთან დაკავშირებით ვრცელდება მაშინ, როდესაც სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება 20 სექტემბერს რეგიონის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.


სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება, რომ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობისთვის აფხაზეთის, დნესტრისპირეთის, მთიანი ყარაბაღის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და მოსკოვის მერიის დელეგაციები ჩამოვიდნენ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)