გაეროს დამკვირვებლები აფხაზეთში მომხდარ შეტაკებას გამოიძიებენ
გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში უკვე დაიწყო აფხაზურ და ქართულ ძალებს შორის კოდორის ხეობაში 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების ფაქტის გამოძიება, განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ მონტასმა 21 სექტემბერს.
შეტაკების შედეგად ორი აფხაზი მებრძოლი იქნა მოკლული, ორი დაიჭრა, ხოლო შვიდი ქართულმა მხარემ დააკავა.
”გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია,”- განაცხადა მიშელ მონტასმა.
იმავდროულად, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ 21 სექტემბერს ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აფხაზ მებრძოლთა დაჯგუფება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შემოვიდა დაზვერვის მიზნით, რაც შემდგომში მიზნად ისახავდა ზემო კოდორის ხეობისა და დანარჩენ საქართველოს დამაკავშირებელ სტრატეგიულ მშენებარე გზაზე დივერსიის მოწყობას.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)