რუსეთი აცხადებს, რომ აფხაზ სამხედროებს ქართველი ”დივერსანტები” დაესხნენ თავს
რუსეთმა მხარი დაუჭირა 20 სექტემბრის ინციდენტის სოხუმისეულ ვერსიას და განაცხადა, რომ აფხაზურ ძალებს ”ქართველ დივერსანტთა ჯგუფი” დაესხა თავს.
”თავდასხმა განხორციელდა აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტი-ტერორისტული ცენტრის ბაზაზე ტყვარჩელის მახლობლად,” – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 სექტემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
”სერიოზული შეიარაღებული შეტაკება ”ცხელ” რაიონში” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიდ შეშფოთებას იწვევს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების შედეგად ორი აფხაზი მებრძოლი დაიღუპა, ორი დაშავდა, ხოლო შვიდი ქართულმა მხარემ დააკავა. აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების განცხადებით, მსხვერპლი ქართული მხრიდანაც არის, თუმცა ოფიციალური თბილისი უარყოფს ამ ინფორმაციას.
შეტაკების ზუსტი ადგილის შესახებ ინფორმაცია კვლავ ურთიერთსაპირისპიროა.
საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეტაკება ხოჯალის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდობის ძირში მოხდა.
ეს ადგილი აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის საზღვარზე მდებარეობს – ტყვარჩელიდან 10 კილომეტრში. ალასანიას მიერ მითითებული ადგილი აფხაზეთის ტერიტორიის გარეთაა.
საინფორმაციო სააგენტო ”აფსნიპრესმა” ასევე განაცხადა 21 სექტემბერს, რომ შეტაკება ხოჯალის მთასთან მოხდა, სადაც, სააგენტოს თქმით, აფხაზური ძალების ”სადამკვირვებლო პოსტია” განთავსებული. ამრიგად, ეს ადგილი საზღვრის აფხაზურ მხარეს, ტყვარჩელის რაიონში მდებარეობს.
ასევე შეუსაბამოა აფხაზური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმის ობიექტთან დაკავშირებითაც.
აფხაზურმა მხარემ თავდაპირველად განაცხადა, რომ თავდასხმა საწვრთნელ ბანაკზე განხორციელდა და ახალწვეულები დაიღუპნენ. შემდეგ აფხაზეთის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ მესაზღვრეთა საწვრთნელ ბანაკს დაესხნენ თავს. რუსეთის საგარეო უწყება კი იტყობინება, რომ თავდასხმა აფხაზეთის ანტი-ტერიტორისტულ ცენტრზე მოხდა.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, შეტაკების ადგილი ახლოსაა მშენებარე სტრატეგიული მნიშვნელობის გზასთან. ეს გზა ზემო კოდორის ხეობას დანარჩენ საქართველოს აკავშირებს.
ირაკლი ალასანიას თქმით, აფხაზ მებრძოლთა ჯგუფი, რომელიც გზის მშენებლობის დამცველმა პოლიციელებმა ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე შენიშნეს, მიზნად ისახავდა ”დაზვერვას და შემდეგ მშენებარე გზის და მისი ინფრასტრუქტურის მწყობრიდან გამოყვანას”.
მისი თქმით, ეს პროვოკაცია იყო ”იმ შემაშფოთებელი მოვლენების ჯაჭვის ნაწილი”, რასაც ადგილი აქვს შარშანდელი ზაფხულიდან – მას შემდეგ რაც საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ზემო კოდორის ხეობაზე კონტროლი აღადგინა.
თბილისმაც და მოსკოვმაც საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიას ინციდენტის დაუყონებლივ გამოძიებისკენ მოუწოდეს.
გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიშელ მონტასმა 21 სექტემბერს განაცხადა, რომ გაეროს დამკვირვებელთა მისიამ საქართველოში უკვე დაიწყო 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების ფაქტის გამოძიება.
პროცედურების თანახმად, შეიქმნება ოთხმხრივი ერთობლივი შემსწავლელი ჯგუფი, რომელსაც გაეროს დამკვირვებლები უხელმძღვანელებენ. ჯგუფში ასევე შევლენ რუსი სამშვიდობოები და ქართული და აფხაზური მხარეების წარმომადგენლები.
ჯგუფის დასკვნაში ოთხივე მხარის შეხედულებები უნდა აისახოს. თუმცა დაგროვილი გამოცდილება აჩვენებს, რომ კონფლიქტის ზონაში მომხდარი სხვადასხვა ინციდენტების გამოძიების შედეგებზე კონსენსუსის საფუძველზე დაწერილი ანგარიშები ხშირად არასრულყოფილია, როგორც ეს 11 მარტს ზემო კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტის გამოძიების დროს მოხდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)