მოსკოვი თამარაშენის კონფერენციაზე კომენტარს აკეთებს
საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო საერთაშორისო კონფერენცია არა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სოფელ თამარაშენში, არამედ თბილისში ჩაეტარებინა; კონფერენციის დამსწრე უცხოელ დიპლომატებს კი მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ და წინასწარ გაეფრთხილებინათ სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონაში გადაადგილების გეგმებზე, აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 22 სექტემბერს.
თანარაშენში 21 სექტემბერს გამართულ კონფერენციაში, რომელიც საქართველოში მიმდინარე რეფორმებს მიეძღვნა, საქართველოს ხელისუფლების, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის და საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელთა მიმართ რუსი სამშვიდობოების მხრიდან ადგილი ჰქონდა კონფლიქტის ზონაში გადაადგილების შეზღუდვის უშედეგო მცდელობას. ღონისძიებას რუსეთის ელჩი არ დასწრებია.
რუსეთის საგარეო უწყების თქმით, თამარაშენის ღონისძიება თბილისის კიდევ ერთი მცდელობა იყო საერთაშორისო წარმომადგენლების წინაშე წარმოეჩინა რეგიონის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი.
”შემდეგი ნაბიჯი შეიძლება სანაკოევის რეჟიმის აღიარება იყოს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება, ”შედეგების გამოცნობა კი რთული არ უნდა იყოს – დაძაბულობის გარდაუვალი ზრდა და კონფრონტაციის გაღვივება კონფლიქტის ზონაში, მოლაპარაკებათა პროცესის ჩაშლა და დარეგულირების პერსპექტივების სრული გაურკვევლობა”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ”დაჟინებით” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას თავი შეიკავოს რეგიონში ისეთი ნაბიჯების გადადგმისაგან, რაც ისედაც დაძაბული სიტუაციას გაამწვავებს.
”რუსული მხარე იმედოვნებს, რომ უცხო ქვეყნების და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური წარმომადგენლებიც უფრო წინდახედულად და კრიტიკულად მიუდგებიან ამგვარ აქციებს, ვგულისხმობთ იმ ნეგატიურ და საშიშ შედეგებს, რასთანაც შეიძლება ამან მიგვიყვანოს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
ოფიციალური მოსკოვის განცხადებები ცხინვალის მიერ გაკეთებული შეფასებების ანალოგიურია, რადგან სეპარატისტებმა ასევე გააკრიტიკეს უცხოელი დიპლომატები კონფერენციაში მონაწილეობის გამო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)