გალის ტელევიზიის აპარატურის გატაცებაში ქართულ მხარეს ადანაშაულებენ
გალის რაიონში აფხაზეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი რუსლან ქიშმარია ქართულ მხარეს გალის ტელევიზიისათვის განკუთვნილი აპარატურის გატაცებაში ადანაშაულებს, იუწყება ”აფსნიპრესი” 21 სექტემბერს.
ქიშმარიას ინფორმაციით, მანქანას, რომელსაც საქართველოს გავლით 6 ათასი აშშ დოლარის ღირებულების აპარატურა გალში გადაჰქონდა, ოთხი ნიღბიანი ზუგდიდის რაიონში დაესხა თავს და ტვირთი დაუდგენელი მიმართულებით გაიტაცა. აპარატურა გალის ტელესტუდიას ბრიტანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ”შერიგების რესურსებმა” გადასცა, თუმცა ”სამწუხაროდ, იგი საქართველოს გავლით იქნა გამოგზავნილი აფხაზეთში, ”- განაცხადა ქიშმარიამ.
”ეჭვგარეშეა, რომ დანაშაული ქართული სპეცსამსახურების მიერ არის ორგანიზებული,”- აღნიშნა მან.
ქიშმარიას თქმით, მომხდარი ფაქტის მიუხედავად, გალის ტელევიზია მაუწყებლობას მაინც დაგეგმილ დროს, 24 სექტემბრიდან დაიწყებს მეგრულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე.
გალის ქართული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა თორნიკე კილანავამ ასევე დაადასტურა ”ძვირადღირებული” აპარატურის გატაცების ფაქტი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)