ოქრუაშვილი პარტიის ყრილობას 15 ნოემბერს გეგმავს
ახალი ოპოზიციური პარტიის ”მოძრაობს ერთიანი საქართველოსთვის” დამფუძნებელი ყრილობა 15 ნოემბერს გაიმართება, განაცხადა პარტიის ლიდერმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს მის ოფისში მისული მხარდამჭერებისადმი მიმართვაში.
ოქრუაშვილმა პარტიის პრეზენტაცია 25 სექტემბერს გამართა და თავის პირველი საჯარო გამოსვლა პრეზიდენტ სააკაშვილისა და მისი მმართველი ძალის კრიტიკაზე ააგო.
მან გუშინ ტელეკომპანია ”იმედის” საღამოს ეთერით მოუწოდა მხარდამჭერებს 26 სექტემბერს 14 საათისთვის მის ოფისში შეკრებისაკენ. ოქრუაშვილის ამ განცხადებას ათობით მოქალაქე გამოეხმაურა. ისინი პარტიის მხარდამჭერებად დარეგისტრირდნენ.
ოქრუაშვილის განცხადებით, დამფუძნებელ ყრილობამდე პარტიის რეგიონული ოფისები გაიხსნება.
”ჩვენ უნდა დავიწყოთ საქვეყნო კამპანია შიშის წინააღმდეგ. იმის წინააღმდეგ, რასაც ეს ხელისუფლება თესავს ქვეყანაში”, – განაცხადა 26 სექტემბერს სააკაშვილის ყოფილმა მოკავშირემ.
ოქრუაშვილმა ასევე მოუწოდა ოპოზიციურ ძალებს ”დაივიწყონ ძველი წყენა” და მზადყოფნა გამოთქვა ყველა ”ჯანსაღ პოლიტიკურ ძალასთან” კონსულტაციების გასამართად.
ოქრუაშვილის პარტიასთან თანამშრომლობას ამ ეტაპზე სკეპტიკურად უყურებენ ახალი მემარჯვენეები და მრეწველები, თუმცა თანამშრომლობის პერსპექტივებს სერიოზულად განიხილავენ კონსერვატორები და რესპუბლიკელები. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, მათ შორის ლეიბორისტების, პოზიცია ამ საკითხზე ჯერ-ჯერობით უცნობია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)