ცხინვალის განცხადებით, სროლების შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა
26 სექტემბრის საღამოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში წარმოებული ”ინტენსიური სროლების” შედეგად ცხინვალის მკვიდრი ქალი მსუბუქად დაიჭრა, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.
სროლების ფაქტი დაადასტურა ასევე ქართულმა მხარემ, რომელმაც ცხინვალი პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.
სეპარატისტების განცხადებით აფეთქებების ხმა ცხინვალის ირგვლივ ისმოდა, თუმცა მთავარი სამიზნე მისი სამხრეთი ნაწილი იყო. თბილისი კი აცხადებს, რომ სამხრეთ ოსური ძალების მთავარი სამიზნე ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი სოფლები ნიქოზი და ერგნეთი იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლები გუშინ 20:30 საათზე დაიწყო და საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სამხრეთ ოსეთის ლიდერმა გასცა განკარგულება ცხინვალში მძიმე შეიარაღების განლაგების თაობაზე, თუმცა მან გააუქმა ეს ბრძანება, როგორც კი სროლები შეწყდა. ამის შესახებ ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის იტყობინება.
სროლები დაემთხვა იური პოპოვის, შერეული საკონტროლო კომისიის (შსკ) რუსული მხარის თანათავმჯდომარის საქართველოში ვიზიტს. 26 სექტემბერს მან მოლაპარაკებები გამართა თბილისში, ხოლო ცხინვალში დღეს გეგმავს ჩასვლას. იგი ცდილობს მხარეების დარწმუნებას, რათა შსკ-ს პლენარული სხდომა თბილისში ოქტომბრის თვეში შედგეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)