ოპოზიცია პრეზიდენტისგან ოქრუაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს
ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა თავი აარიდა პასუხი გაეცა იმ ბრალდებებზე, რომელიც მას 25 სექტემბერს ამჟამად პატიმრობაში მყოფმა ირაკლი ოქრუაშვილმა წაუყენა. მათ პრეზიდენტისაგან მოითხოვეს საბოლოო განაჩენის დადგომამდე გამოუშვას ირაკლი ოქრუაშვილი.
”თუკი საქართველოში სიტყვის თავისუფლება გარანტირებულია, თუკი საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და თუკი სასამართლოში ის კანონები, რომელიც მიღებულია, მოქმედებს, გაათავისუფლონ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც შეუძლია გადაიხადოს გირაო, რომელსაც შეუძლია ჩვენება მისცეს მასზე უფრო მაღალი თანამდებობის პირის, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ და მისცენ მას საშუალება ქართულ საზოგადოებას მოუყვეს ის სიმართლე, რომლის სათქმელადაც იგი ოპოზიციაში წავიდა, რომლის სათქმელადაც დაბრუნდა პოლიტიკაში და გადაწყვიტა რომ ქართველი ხალხის გვერდზე დამდგარიყო,”- განაცხადა ოპოზიციის სახელით რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა.
მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში ზის მხოლოდ იმის გამო, რომ მან სიმართლე თქვა პრეზიდენტზე, რომელიც ”საქართველოს საზოგადოების და ქართველი ხალხის მიერ მკვლელობებში არის ეჭვმიტანილი”.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პირველი კომენტარი გააკეთა ოქრუაშვილის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ბრალდებები ”სიცრუეა”. მან ასევე აღნიშნა, რომ ”ხელშეუხებელი” არავინაა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს მისაღებია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)