აშშ მოუწოდებს რუსეთსა და საქართველოს პრობლემები პოლიტიკური გზით მოაგვარონ

ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს საქართველოს და რუსეთს ყველა პრობლემური საკითხი პოლიტიკური გზით მოაგვარონ, განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა 2 ოქტომბერს.


აშშ-ს წარმომადგენელმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მას სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებულ განცხადებაზე, რომელიც გმობს საქართველოს ხელისუფლების ”ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას” და მხარს უჭერს ქართულ ოპოზიციას. განცხადებაში ასევე შეშფოთებაა გამოთქმული აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უპირობო მხარდაჭერის გამო საქართველოს ხელისუფლებისადმი იმის მიუხედავად, რასაც ”საქართველოს ხელისუფლება ოპოზიციასთან მიმართებაში აკეთებს”.  


”არ ვაპირებ მსოფლიოს მასშტაბით ყველა დეპუტატის გამონათქვამებზე კომენტარის გაკეთებას. მაგრამ გეტყვით, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან. დროდადრო, რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობა წარმოიშვება ხოლმე სხვადასხვა საკითხებზე. ჩვენი სურვილია, რომ რუსეთმა და საქართველომ ეს საკითხები პოლიტიკური გზით მოაგვარონ. მაგრამ, ჩვენ ორივე სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. არა მგონია, რომ ეს ურთიერთგამომრიცხავი რამ იყოს,” – განაცხადა მაკკორმაკმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)