ახალი მემარჯვენეები საარჩევნო კოდექსის შეცვლას და არჩევნების აპრილში ჩატარებას ითხოვენ
ოპოზიციის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა, განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ 3 ოქტომბერს. მან ასევე განაცხადა, რომ მისი პარტია იზიარებს მოწოდებებს საპარლამენტო არჩევნების 2008 წლის აპრილში ჩატარების თაობაზე, როგორც ეს თავდაპირველად იგეგმებოდა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანამდე.
”ახალმა მემარჯვენეებმა” უარი თქვეს შეერთებოდნენ იმ ათ ოპოზიციურ ჯგუფს, რომლებმაც თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების შემდეგ ალიანსი შექმნეს. ამ ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რომლის სამი ძირითადი მოთხოვნაა: ოქრუაშვილის გათავისუფლება, საპარლამენტო არჩევნების აპრილში ჩატარება და საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაუქმება.
”ხელისუფლებამ უნდა გაიგოს,მოუსმინოს საზოგადოებას,” – განუცხადა დავით გამყრელიძემ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩთან ჯონ ტეფტთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ”პირველ რიგში, ეს ნიშნავს, რომ უნდა შეიცვალოს არსებული საარჩევნო კოდექსი, და კერძოდ მაჟორიტარული სისტემა”.
2008 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს 50 ახალი დეპუტატი აირჩევა მაჟორიტარული სისტემით. არჩევნები ჩატარდება სისტემით ”მოგებულს ყველაფერი რჩება”, რომელსაც თითქმის ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტია აკრიტიკებს.
”რაც შეეხება ჩატარების ვადებს, ეს ალბათ შემდგომი თემაა [მას შემდეგ რაც საარჩევნო კოდექსი შეიცვლება], მაგრამ თუმცა ჩვენც ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომ უნდა იქნას ჩატარებული სწორედ იმ ვადებში, რომელიც კონსტიტუციით იყო განსაზღვრული და რომელიც სპეციალურად შეიცვალა,” – განაცხადა გამყრელიძემ.
გასული წლის დეკემბერში კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად, 2008 წლის ოქტომბერ-დეკემბრის შუალედში ჩატარდება. არჩევნების ზუსტი თარიღი პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს. ოპოზიციამ გააკრიტიკა ეს ცვლილება და მას ”არადემოკრატიული” უწოდა, რადგანაც ამ ცვლილების შედეგად პარლამენტის უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვით გახანგრძლივდა. თუმცა, ამასთან ერთად პრეზიდენტ სააკაშვილის უფლებამოსილებაც მცირდება რამდენიმე თვით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)