სემნები: საქართველოში კონფლიქტების მოგვარების კუთხით პროგრესი არ არსებობს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების კუთხით ”არანაირი პროგრესი” არ არსებობს, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 2 ოქტომბერს, იტყობინება რადიო ”თავისუფლება”.


მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი არ აპირებს სამშვიდობოების გაგზავნას კონფლიქტურ ზონებში და არც შერეულ საკონტროლო კომისიაში აპირებს შესვლას სრულუფლებიანი წევრის სტატუსით. 


თბილისი დიდი ხანია მოუწოდებს ევროკავშირს უფრო აქტიურად ჩაერთოს კონფლიქტების მოგვარების პროცესებში როგორც სამხრეთ ოსეთში, ისე აფხაზეთში.


სემნებიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი განაგრძობს მუშაობას სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან, რადგანაც ეს არის გასაღები ”იმ პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც მოგვარებას საჭიროებს”.


თბილისი ცდილობს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმოჩინებას კონფლიქტის მხარედ. ამის პარალელურად ქართული მხარე იმ მოსაზრებასაც ავრცელებს, რომ სეპარატისტული ხელისუფლება არ წარმოადგენს სამხრეთ ოსეთის ხალხს.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)