მმართველი პარტია ოქრუაშვილის განცხადების შემდეგ პატარკაციშვილს უტევს

მმართველი პარტია მოუწოდებს გავლენიან ბიზნესმენს ბადრი პატარკაციშვილს შეწყვიტოს ინტრიგების ხლართვა და თავისი პოლიტიკური ამბიციები ღიად დააფიქსიროს.


ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა 8 ოქტომბერს პროკურატურისთვის მიცემულ აღიარებით ჩვენებაში, განაცხადა, რომ მისი სამოქმედო გეგმების შესახებ სრულად იყო ინფორმირებული ბადრი პატარკაციშვილი. მან ასევე აღიარა, რომ იცრუა, როცა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა მას პატარკაციშვილის მკვლელობა დაუკვეთა. ოქრუაშვილის განცხადებით, ის შეეცადა ამ განცხადებით მისი ახლად დაფუძნებული პარტიისა და ბიზნესმენ ბარდი პატარკაციშვილისთვის ”პოლიტიკური დივიდენდები” მოეხვეჭა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პატარკაციშვილი მისი კუთვნილი ტელეკომპანია ”იმედის” სახით სატელევიზიო თანადგომას დაპირდა. 


”ბატონო ბადრი საკმარისი არის სხვისი ხელით ინტრიგების ქსოვა და პროვოცირება ცილისწამების და სხვის ზურგს უკან დამალვა,”- განაცხადა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანმა წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ, ”ჩვენ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ, თუ ბატონ ბადრის აქვს პოლიტიკური ამბიცია, გამობრძანდეს დღის სინათლეზე და მიიღოს პოლიტიკურ კონკურენციაში ნორმალურად მონაწილეობა. არ აინტერესებს მართლა უჭერს თუ არა ხალხი მხარს?”


”ამ ფორმით გაგრძელება არის სამარცხვინო, ჩემი აზრით,”- დასძინა ბოკერიამ, ”მას [პატარკაციშვილს] აქვს შესაძლებლობა, რომ ღიად ჩაერთოს პოლიტიკურ კონკურენციაში და ღიად მიიღოს პოლიტიკური მხარდაჭერა, თუ მას სურს მიიღოს პოლიტიკური გავლენა”


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მაია ნადირაძის განცხადებით, პატარკაციშვილი ”ძალიან უცნაური მოვლენაა” ქართულ პოლიტიკურ სინამდვილეში.


”ის არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ გაუთავებლად ცდილობს საიდანღაც, გვერდიდან მოვლით დარტყმები მიაყენოს ამ ქვეყანას და არა ხელისუფლებას, იმიტომ რომ ყოველთვის უდროო დროს, გარკვეულ ვითარებაში ავრცელებს  ხოლმე ისეთ ინფორმაციას, რომელიც აზარალებს  ქვეყანას,”- აცხადებს ნადირაძე, ”ყოველ შემთხვევაში, მას უნდა, რომ დააზარალოს, მაგრამ არ გამოსდის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)