პოლიტიკოსები ოქრუაშვილის ჩვენებაზე კომენტარს აკეთებენ
ზოგიერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენება, სადაც ის აღიარებს გამოძალვის ფაქტს და არ ადასტურებს პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ გახმოვანებულ ბრალდებებს, ზეწოლის ქვეშ იქნა გაკეთებული.
”გამახსენდა საბჭოთა დროს დისიდენტების მიერ მიცემული ჩვენებები,” – განაცხადა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა 8 ოქტომბერს.
”ადამიანები ხან უძლებენ ზეწოლას, ხან ვერ უძლებენ, ამაში ტრაგედია არ არის,” – განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
”ჩვენ ვიხილეთ ნაწამები ადამიანი, რომელსაც წინ ედო სხვის მიერ დაწერილი ფურცლები და კითხულობდა. ხელისუფლებამ გვითხრა, რომ მძევლად ჰყავს აყვანილი, ტერორისტებივით, ირაკლი ოქრუაშვილი და გამოსასყიდს ითხოვენ ქართველი ერისგან 10 მლნ ლარის ოდენობით,”- განაცხადა ხალხის პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა.
ოქრუაშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ, რომელიც ოქრუაშვილის ახლად ჩამოყალიბებული პარტიის ”მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრია, განაცხადა, რომ იგი ოქრუაშვილის დაკითხვას არ დასწრებია და რომ პროკურატურამ თავად დაუნიშნა ადვოკატი ირაკლი ოქრუაშვილს.
”ის, რომ მე არ მიშვებენ ოქრუაშვილთან და არ მაძლევენ მე შესაძლებლობას, რომ მან თვითონ განაცხადოს თავისი პოზიციის შესახებ, ეს პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მასზე ხორციელდება ზეწოლა,” – განაცხადა ბესელიამ, ”პროკურორს ან პროკურატურას არ აქვს უფლება ადვოკატი დანიშნოს ან მოხსნას, მაშინ როდესაც ეს უფლება აქვს გაცხადებული და გამოყენებული ბატონ ოქრუაშვილს. მას აქვს წერილობით გაკეთებული განცხადება, რომ მენდობა მე და ჩემს ორ კოლეგას, რომლებიც ასევე არ მონაწილეობდნენ მის დაკითხვაში”.
თუმცა, პოლიტიკოსებმა მმართველი პარტიიდან უარყვეს ეს განცხადებები და მათ აბსოლუტურად უსაფუძვლო უწოდეს.
”არა მგონია, რომ ბატონ ირაკლიზე, მისი ხასიათიდან გამომდინარე, შეუძლია ვინმეს ზეწოლა მოახდინოს, მითუმეტეს ის სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლას აპირებდა. უბრალოდ, ის არგუმენტები, რომლებიც გამოძიებამ დადო, საკმაოდ მყარი იყო,”- განაცხადა დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ბეჟაშვილმა.
”მისი ეს ჩვენება საკმაოდ მოულოდნელი იყო,” -განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნინო კალანდაძემ, ”გმირები ასე არ გამოიყურებიან”.
პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მიესალმა გენერალური პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას იმ ”დაუსაბუთებელ ბრალდებებზე”, რომლებიც ოქრუაშვილმა სააკაშვილის წინააღმდეგ გააკეთა.
”ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ყველა იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელიც გაისმა ყოველგვარი დასაბუთების და თუნდაც ირიბი არგუმენტაციის გარეშე, ყველა ამ კითხვასთან დაკავშირებით გამოძიებამ დასვა ძალიან კონკრეტული შეკითხვები და მიიღო პასუხები. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამის შესაძლებლობა მიეცა ირაკლი ოქრუაშვილს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გახლავთ ის, რომ უკვე გირაოს გადახდის შემდეგ, მას ექნება შესაძლებლობა თავისუფლების პირობებში გააკეთოს იგივე განცხადებები”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
27 სექტემბერს ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებამ ათი ოპოზიციური პარტიის გაერთიანება განაპირობა. მათ ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკური პატიმარი უწოდეს და მისი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო კამპანია წამოიწყეს. ოპოზიციის მოთხოვნაა ასევე აპრილში საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ნაცვლად 2008 წლის შემოდგომისა და საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტოთი ჩანაცვლება. ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის ლიდერის კახა კუკავას განცხადებით, ოპოზიციის ეს მოთხოვნები და მიზნები ძალაში რჩება.
”ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ბრძოლა, რომელიც დაწყებულია და 2 ნოემბერს მიზნად ისახავს დიდი საპროტესტო მანიფესტაციის მოწყობას და თავისუფალი არჩევნების დანიშვნას, ეს მოთხოვნები რჩება უცვლელი,”- განაცხადა კუკავამ, ”როცა პოლიტიკურ პატიმრებზე ხდება ასეთი გაურკვეველი ტიპის ზემოქმედება, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს ხელისუფლება, თავისი ბუნებით არის ადამიანის წინააღმდეგ, ადამიანის თავისუფლებისა და ღირსების წინააღმდეგ მიმართული, ამიტომ კიდევ უფრო ცალსახაა ჩვენთვის, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)