ცისკარიშვილი რთველში წარმატებებზე საუბრობს
კახეთში მიმდინარე რთველის შედეგად ყურძნის მოსავლის 70%, დაახლოებით 57 800 ტონა უკვე აღებულია, განუცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა კოლეგებს მთავრობის სხდომაზე 10 ოქტომბერს.
მისი თქმით, რთველი და ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლა ”წარმატებით” მიმდინარეობს.
რთველის თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების ერთ-ერთი წყაროა. ოპოზიცია ხელისუფლებას საყვედურობს იმის გამო, რომ ვერ იქნა მიღებული სათანადო ზომები რუსული ემბარგოს პირობებში მევენახეების პრობლემების გადასაჭრელად. ღვინის საწარმოების უმეტესობამ შეკვეცა წარმოება რუსული ბაზრის დაკეტვის გამო, რამაც თავის მხრივ განაპირობა ყურძნის დაბალი ფასი და ბევრ მევენახეს შეექმნა მოსავლის რეალიზაციის პრობლემა.
რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია ”იმედმა” გადასცა სიუჟეტი, რომელშიც კახელმა გლეხმა ვაზი იმის გამო აჩეხა, რომ ვერ შეძლო მისაღებ ფასში ყურძნის გაყიდვა. ხელისუფლებამ ამ სიუჟეტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ იგი ტელეკომპანია ”იმედის” მიერ იყო საგანგებოდ დადგმული. ზოგიერთმა ტელეკომპანია გლეხის 1 500 ლარად მოსყიდვაშიც კი დაადანაშაულა.
ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა, რომ ეს ”დადგმული შოუ” იყო ”იმედის” მფლობელის ბადრი პატარკაციშვილის პროპაგანდის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებაში უიმედობის დათესვას.
პეტრე ცისკარიშვილთან გამართულ შეხვედრაზე 9 ოქტომბერს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა: ”ამ რთველის ჩატარება ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ეს პოლიტიკურად და ეკონომიკურად უმნიშვნელოვანესი საკითხია”.
თავის საჯარო განცხადებებში სააკაშვილმა არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვით რუსეთი მიზნად ისახავდა უკმაყოფილების გამოწვევას მოსახლეობაში, განსაკუთრებით კახეთში, სადაც საქართველოს ყურძნის მოსავლის 60% მოდის. პრეზიდენტის თქმით, განზრახული იყო, რომ უკმაყოფილება არეულობასა და დესტაბილიზაციაში გადაზრდილიყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)