ვილნიუსში ახალი ენერგეტიკული დერეფნის შექმნის საკითხი განიხილეს

საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთისა, ლიტვის პრეზიდენტებმა და ასევე ყაზახეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსეთის გვერდის ავლით ახალი ენერგეტიკული დერეფნის შექმნის საკითხი განიხილეს 10 ოქტომბერს ვილნიუსში გამართული ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში.


ენერგოდერეფნის ახალი მარშრუტის მიხედვით აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობი ქართული პორტების გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით ჯერ უკრაინაში მოხვდება, ხოლო შემდეგ პოლონეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებისკენ აიღებს გეზს.


კონფერენციის მსვლელობისას ექვსი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას, რომელიც ენერგოდერეფნის აშენებისთვის აუცილებელი ტექნიკური დეტალების შემსწავლელი ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.


”ექვსი ქვეყნის თანამშრომლობამ აჩვენა, რომ ჩვენ ერთად მუშაობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება შეგვიძლია,”- იუწყება საქართველოს პრეზიდენტი პრესსამსახური მიხეილ სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.


კონფერენციის პარალელურად ვილნიუსში გაიმართა სუამ-ის წევრი ქვეყნების ლიდერთა საიუბილეო შეხვედრა.


”ათი წლის წინათ, როდესაც ეს ორგანიზაცია დაარსდა, მას სერიოზულად არავინ არ აღიქვამდა,”- აღნიშნა გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა, ”თუმცა დღეს ის საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც გაერო-სთან, ეუთო-სთან და ნატო-სთან თანამშრომლობს”.


”სუამი ჩვენს საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის გადებული ხიდია,”- დასძინა მან.


მიხეილ სააკაშვილი თავის ევროპულ ტურნეს, რომელიც 9 ოქტომბერს დანიაში ვიზიტით დაიწყო და ლიტვაში გაგრძელდა, ფინეთში დაასრულებს, სადაც 11 ოქტომბერს თავის კოლეგასთან ტარია ჰალონენთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გამართავს მოლაპარაკებებს.


საქართველოს პრეზიდენტი თბილისში 12 ოქტომბერს დაბრუნდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)