უგულავა პატარკაციშვილზე და ოპოზიციაზე საუბრობს
თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ტელეკომპანია ”იმედს” საკუთარი ხელშეუხებლობისთვის იყენებს და არასწორია მისი მტკიცება, რომ სიტყვის თავისუფლება საფრთხის ქვეშ დგას საქართველოში. მისი თქმით, ფარაონი არავინ არ არის ამ ქვეყანაში.
უგულავას ეს განცხადებები, რომელიც მან დღეს ქალაქის დასუფთავების ახალი მანქანების პრეზენტაციაზე გააკეთა, უკავშირდება 10 ოქტომბერს ბადრი პატარკაციშვილის გამოსვლას გადაცემა ”ღია ეთერში”, სადაც მან განაცხადა, რომ არ გამორიცხავს პოლიტიკაში წასვლას და არ დაუშვებს ტელეკომპანია ”იმედის” თავისუფალ სიტყვას საფრთხე შეექმნას. ხელისუფლებასთან ღია დაპირისპირების ფონზე პატარკაციშვილმა არც მისი დაპატიმრების შესაძლებლობა გამორიცხა.
”სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცა სიტყვის თავისუფლებას დევნის, არასწორია,”- განაცხადა 11 ოქტომბერს უგულავამ, ”ჩვენ გვინდა ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი – პატარკაციშვილმა საკუთარი ტელევიზია საკუთარი იმუნიტეტის საკუთარ ფარად აქცია საკუთარი პოლიტიკური ინდულგენციების მოსაპოვებლად, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს”.
უგულავას შეფასებით, ტელეკომპანია ”იმედს” არ გააჩნია სარედაქციო დამოუკიდებლობა, ”მეპატრონისაგან ზეწოლის” გამო, რაც ”მართლაც საფრთხეს უქმნის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლებას”.
”ჩართავ ტელევიზორს ხელისუფლების ლანძღვა-გინების მეტს ვერაფერს ვერ დაინახავთ,”- აცხადებს თბილისის მერი, ”დღეს აშკარად ვხედავ, რომ შტაბს დაემსგავსა პატარკაციშვილის ტელევიზია, თუმცა მათ შეუძლიათ დილიდან საღამომდე ილაპარაკონ, რაც უნდათ”.
ქალაქის მერი თავის გამოსვლაში ასევე შეეხო ოპოზიციის საპროტესტო აქციას, რომელიც 2 ნოემბერს თბილისში იგეგმება და განაცხადა, რომ საქართველოში ”ასევე უზრუნველყოფილია შეკრებების თავისუფლება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაატაროს დემონსტრაცია”.
”ჩვენი ოპოზიცია არა გაბადრულია, არამედ უბადრუკია,”- განაცხადა უგულავამ, ”გუშინ მე ვუყურებდი როგორ შესციცინებდნენ თვალებში ჩვენი ოპოზიციის ლიდერები პატარკაციშვილს და მათ თვალებში ერთ რამეს ამოიკითხავდი: ბადრი მომეცი ფული”.
”ღია ეთერში” პატარკაციშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ასევე ოპოზიციონერმა ლიდერებმაც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)