სააკაშვილი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არის ”ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი შუქურა ჩვენი ეროვნული განვითარების, ერის მომავლის, ჩვენი ქვეყნის შემდგომი გაძლიერების და გამთლიანების საქმეში.”


სააკაშვილმა ეს განცხადება 13 ოქტომბერს ყოვლად უწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს პირველთან შეხვედრაზე გააკეთა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში საქართველოს 12-16 ოქტომბერს სტუმრობს.


მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოს პირველი მსოფლიოს მართლმადიდებლური ქრისტიანების სულიერი ლიდერია, თუმცა მას უშუალოდ ხელმძღვანელის ფუნქცია პატრიარქებთან ან მათ ავტოკეფალურ მართლმადიდებლურ ეკლესიებთან მიმართებაში არ გააჩნია.


”ეკლესია, რომელიც ადუღაბებს ჩვენს ძირითად ფასეულობებს, გამოირჩევა არა მხოლოდ მართლმადიდებლობის ერთგულებით, არამედ ტოლერანტულობით, საერთო ეროვნული, ევროპული ფასეულობების დამკვიდრების ძალიან თანმიმდევრული პოლიტიკითა და კურსით,” – განაცხადა სააკაშვილმა.   


მან ასევე ისაუბრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის შესახებ და განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი მოიპოვა.


”ის ფაქტი, რომ მსოფლიო უწმინდესის ხელმძვანელობით საქართველოში ასეთი მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამოვიდა, მეტყველებს იმაზე, თუ როგორი საერთაშორისო ავტორიტეტით სარგებლობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი,” – დასძინა მან.


14 ოქტომბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და  მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა სვეტიცხოველში საზეიმო წირვა აღავლინეს. სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ წირვას პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრო.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)