რამიშვილი არჩევნების ნოემბერში ჩატარებაზე საუბრობს

ახლა სწორედ შესაფერისი დროა, რომ ხელისუფლებამ ვადამდელი არჩევნები ჩააატაროს, რადგანაც მმართველ პარტიას აშკარა უპირატესობა აქვს და დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, განაცხადა ”თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელმა ლევან რამიშვილმა.


”მე პირადად მივესალმები, თუ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნოემბერში ჩატარდება,” – განაცხადა რამიშვილმა გაზეთ ”24 საათთან” ინტერვიუში, რომელიც 15 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ”ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ განიმუხტოს სიტუაცია და არსებულ დაპირისპირებაში საზოგადოებას მიეცეს საშუალება გააკეთოს თავისი არჩევანი და გამოხატოს თავისი მხარდაჭერა იმ პოლიტიკური კურსის მიმართ, რომელიც უკეთ შეესაბამება ჩვენი საზოგადოების სამომავლო ინტერესებს”.


ათი ოპოზიციური ჯგუფი ერობლივ კამპანიას ახორციელებს, რათა ხელისუფლება აპრილში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე დაიყოლიოს.


რამიშვილის განცხადებით, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, არჩევნები მმართველი პარტიისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს გაიმართება. ”ახლა სწორად ასეთი დროა,” – აცხადებს იგი.


”უახლესი სოციოლოგიური გამოკითხვების თანახად, ნაკლებად სავარაუდოა, რომელიმე ოპოზიციურმა ძალამ შვიდპროცენტიანი ბარიერი გადალახოს,” – აცხადებს რამიშვილი, თუმცა ამ გამოკითხვების დეტალებზე არ საუბრობს, ”თუ არჩევნები ნოემბერში ჩატარდა, არსებობს ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ საერთოდ ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ”. 


მისი თქმით, ოპოზიციური სპექტრი ”სრულიად მარგინალიზებულია” და ეს ”უფრო მეტი რადიკალიზმისკენ უბიძგებს, რაც თავის მხრივ, უფრო მეტი მარგინალიზაციის მიზეზი ხდება”.


”[ოპოზიციის] სიძულვილის რიტორიკა ოპოზიციის უფრო ზომიერი ამომრჩევლისგან გაუცხოებას იწვევს, რომელიც შეიძლება, უკმაყოფილოა ვითარებით, ცვლილებების მოთხოვნა აქვს, მაგრამ მისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება… ამ უფრო ფართო სეგმენტზე, ამ მოედანზე ჯერჯერობით არავინ თამაშობს,” – განაცხადა რამიშვილმა.   


კითხვაზე უქმნის თუ არა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი რაიმე საფრთხეს ხელისუფლებას, რამიშვილმა უპასუხა: ”მე ამ სიტუაციაში ვერც რაიმე სიახლეს ვხედავ და ვერც საფრთხეს”.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)