ბეჟუაშვილი ნიდერლანდებს სტუმრობს

17-18 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოს ეწვევა, სადაც შეხვედრებს გამართავს თავის ჰოლანდიელ კოლეგასთან მაქსიმ ვერჰაგენთან და თავდაცვის მინისტრთან ეიმერთ ვან მიდელკოფთან.


საგარეო უწყების ცნობით, კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში გელა ბეჟუაშვილი წაიკითხავს ლექციას თემაზე: “ევროპა გამყოფი ხაზების გარეშე – საქართველოს გამოწვევები და შესაძლებლობები”.


გელა ბეჟუაშვილი ნიდერლანდებში ლუქსემბურგიდან გაემგზავრა, სადაც 16 ოქტომბერს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საბჭოს მე-8 სხდომა გაიმართა. შეხვედრაზე განხილვის ძირითად თემას წარმოადგენდა საქართველოში რეფორმების მიმდინარეობა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია.


საგარეო უწყების ცნობით, ლუქსემბურგში ასევე შედგა ევროკავშირისა და საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ქართულმა მხარემ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი მოწესრიგების პროცესში  ევროკავშირის გაძლიერებული მონაწილეობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)