გაეროს რეზოლუციაზე თბილისის რეაქცია შიდა მოხმარებისთვის იყო – აცხადებენ სოხუმში
გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ აფხაზეთის შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე თბილისის რეაქცია ”არაადეკვატური” იყო, განაცხადა აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა კრისტიან ბჟანიამ.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაეროს რეზოლუცია ”დიპლომატიურ გარღვევად” შეაფასა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რა იმ პუნქტზე, სადაც საუბარია დევნილთა დაბრუნების უფლებასა და მათი ქონების დაცვის საკითხებზე.
საქართველოს ხელისუფლებამ რეზოლუციის ამ ნაწილს ისტორიული მნიშვნელობის უწოდა, რადგან მათი თქმით, გაერომ პირველად აღიარა იძულებით გადაადგილებულ პირთა ქონებრივი უფლებები აფხაზეთში.
ბჟანიას ვარაუდით, თბილისის ”არაადეკვატური რეაქციის” მიზანი იყო საზოგადოებრივი ყურადღების გადატანა საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური პრობლემებიდან წარმოსახვით საერთაშორისო წარმატებაზე.
მან ასევე ხაზი გაუსვა რეზოლუციის იმ პუნქტებს, რომელიც მისი აზრით, აფხაზური მხარისათვის არის ხელსაყრელი. რეზოლუცია მოუწოდებს ქართულ მხარეს უზრუნველყოს, რომ ვითარება ზემო კოდორის ხეობაში შეესაბამებოდეს 1994 წლის მოსკოვის შეთანხმებას ძალთა დაშორიშორებისა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.
”ეს კი ნიშნავს მხოლოდ ერთ რამეს: საქართველო ვალდებულია გაიყვანოს თავისი დანაყოფები ამ რეგიონიდან თავის მარიონეტულ ადმინისტრაციასთან ერთად,”- აღნიშნა ბჟანიამ.
რეზოლუცია ასევე მოუწოდებს სოხუმს ”გამოიჩინოს თავშეკავება კოდორის ხეობაში საქართველოს ვალდებულებებთან დაკავშირებით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)