ეუთოში 6 აგვისტოს ინციდენტი განიხილეს

6 აგვისტოს წითელიუბნის ინციდენტის გამოძიებაში მონაწილე უცხოელმა ექსპერტებმა უსაფრთხოების საკითხებში ეუთოს თანამშრომლობის ფორუმს ინფორმაცია მიაწოდეს.


13 ექსპერტისგან შემდგარმა ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა შვიდი ქვეყნიდან (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები) მხარი დაუჭირა თბილისის ვერსიას ინციდენტის თაობაზე, განაცხადა რა, რომ სულ ცოტა ერთი საფრენი აპარატი შემოიჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთის ფედერაციიდან და ანტი-სარადარო მართვადი რაკეტა ჩამოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე. თუმცა, რუს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ინციდენტი თბილისმა მოსკოვის დისკრედიტაციის მიზნით დადგა.


”ეს იყო დიალოგის გაგრძელების და მხარეების მიერ მათი შეხედულებების გახმოვანების შესაძლებლობა,” – განაცხადა ელჩმა ჯონ ბერნარმა, რომელიც ფორუმის თავმჯდომარეა დანიიდან, ”დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთი, საქართველო და ყველა სხვა მონაწილე ქვეყანა ეძებენ გზებს, რომ მომავალში თავიდან აიცილონ მსგავსი ინციდენტები”.


საქართველოს ოფიციალურმა პირებმა განხილვის შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთი კვლავ იმ პოზიციაზეა, რომ ინციდენტი დადგმული იყო, მაშინ როცა დასავლელი ექსპერტები თავიანთ დასკვნებს იშველიებენ საკუთარი პოზიციის გასამყარებლად. 


ჯერჯერობით უცნობია, განიხილავს თუ არა ამ საკითხს ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭო.


სექტემბრის დასაწყისში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ინციდენტის განხილვისას აშშ-მ ცალსახად დაუჭირა მხარი თბილისს, ევროკავშირმა მკაფიო პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა, ხოლო მოსკოვმა 6 აგვისტოს ინციდენტის საერთაშორისო არეალის შეზღუდვა მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)