სოციალურად დაუცველ მოსახლეობას ვაუჩერები ურიგდება

ჯანდაცვის მინისტრის დავით ტყეშელაშვილის განცხადებით, სახელმწიფოსგან 100 ლარიან საპრეზიდენტო სუბსიდიას ინდივიდუალურად 1 მილიონ 200 ათასი ადამიანი: 70 ათასი საჯარო სკოლის პედაგოგი, 330 ათასი სოციალურად დაუცველი მოქალაქე და 800 ათასი პენსიონერი მიიღებს. ამას გარდა, სოფლად მცხოვრები 700 ათასი ოჯახი დახმარების სახით 50 კგ ფქვილს მიიღებს, თითოეული. 


”საუბარია ყველა პენსიონერზე, საჯაროს სკოლის ყველა პედაგოგზე, სოციალურად დაუცველ ყველა ოჯახზე”, – განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავით ტყეშელაშვილმა, ”საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში სოფლად მცხოვრები თითოეული ოჯახი, ასეთი კი 700 ათასია, მიიღებს საოჯახო დახმარებას – 50 კგ ფქვილს”.


მისი ინფორმაციით, ვაუჩერების გაცემა უკვე დაიწყო თბილისში, სადაც აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეებს 50-50 ლარიან ერთჯერადი ვაუჩერი ურიგდებათ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადის საკომპენსაციოდ.


საქართველოს იმ ქალაქებში, რომლებიც გაზიფიცირებული არ არის, პედაგოგები, პენსიონერები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები 100-ლარიან ვაუჩერს მიიღებენ ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად, ხოლო რეგიონებში მათ 50-ლარიანი ელექტროენერგიის ვაუჩერი და 50 კგ ფქვილი დაურიგდებათ.


”მთავარი ამოცანაა, რომ ამ ზამთარში არ იყოს არცერთი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც სცივა და რომელიც მშიერია  – სწორედ ამ მიზნების განხორციელებას ემსახურება ეს ძალზედ მნიშვნელოვანი საპრეზიდენტო პროგრამა,”- განაცხადა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა.


ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ შესთავაზა ჯანდაცვის სამინისტროს საკუთარი ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გამოყენება ვაუჩერების დარიგების პროცესში დახმარების მიზნით. ეს ინიციატივა ოპოზიციამ გააკრიტიკა, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)