აფხაზეთში მომხდარი შეტაკებისას ერთი ადამიანი დაიღუპა
გალის რაიონის სოფელ თაგილონში მომხდარი შეტაკებისას ერთი აფხაზი დაიღუპა და ერთი ქართველი პოლიციელი დაიჭრა, იტყობინებიან ქართველი და აფხაზი ოფიციალური პირები.
თუმცა, ქართული და აფხაზური წყაროები ურთიერთსაპირისპირო ვერსიებს ავრცელებენ გუშინ ღამით მომხდარი შეტაკების შესახებ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ შეტაკება აფხაზურ და ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებთან მოხდა, როდესაც ეს ორი ჯგუფი თბილისში მოპარული მანქანის აფხაზეთში გადაყვანას ცდილობდა. ამავე ინფორმაციის თანახმად, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთი ქართველი კრიმინალი დაკავებულია, ხოლო ერთმა აფხაზმა კრიმინალმა გაქცევა მოახერხა.
”აფხაზმა კრიმინალებმა ცეცხლი გახსნეს და ერთ-ერთი მათგანი ლიკვიდირებულია,” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომელიც ზუგდიდში ჩავიდა, სადაც დაჭრილი ქართველი პოლიციელია ჰოსპიტალიზირებული.
იმავდროულად, აფხაზური მხარე აცხადებს, რომ ”ქართველ დივერსანტთა ჯგუფი” თავს დაესხა აფხაზ მესაზღვრეთა საგუშაგოს სოფელ თაგილონის მახლობლად. ამავე ინფორმაციის თანახმად, ერთი აფხაზი მესაზღვრე მანუჩარ არშბა დაჭრეს და გაიტაცეს, რომელიც მოგვიანებით ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
”ეს 20 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის ანალოგიური იყო,” – განაცხადა აფხაზეთის ლიდერის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ, ”საქართველოს მცდელობებმა ”გაალღოს” კონფლიქტი საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანს”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)