გილაური გამორიცხავს, რომ დახმარების პროგრამა ინფლაციას გამოიწვევს

განცხადებები იმის თაობაზე, რომ ერთჯერადი დახმარების პროგრამა ინფლაციას გამოიწვევს ქვეყანაში, სისულელეა, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა 22 ოქტომბერს.


”ამ პროგრამაში რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ,” – განუცხადა გილაურმა ჟურნალისტებს, ”ნამდვილად განცვიფრებული ვარ, რომ ვინმე შეიძლება ამ პროგრამის წინააღმდეგ იყოს. სახელმწიფოს გააჩნია რესურსები და რა მოხდა, თუ მას შეუძლია ერთჯერადი დახმარების აღმოჩენა თავისი მოქალაქეებისთვის? სწორედ ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია”.


100 მილიონი ლარის ღირებულების ერთჯერადი დახმარების პროგრამა სულ 2.8 მილიონ მოქალაქეს მოიცავს. 1.2 მილიონი მოქალაქე – პენსიონერი, მასწავლებელი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობა – 50-50 ლარიან ვაუჩერებს მიიღებს ელექტროენერგიისა და გაზის საფასურის გადასახდელად. აღნიშნული კატეგორიების სოფლის მოსახლეობას კი ელექტროენერგიის 50 ლარი და 50 კილოგრამი პურის ფქვილი დაურიგდება. გარდა ამისა, დახმარება – 50 კგ პურის ფქვილი  – ასევე დაურიგდება სოფლად მაცხოვრებელ 700 000 ოჯახს.


თუმცა, ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს პროგრამა უარყოფითად იმოქმედებს ინფლაციის ისედაც მაღალ დონეზე. სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2007 წლის სექტემბრის ბოლოს 12-თვიანმა ინფლაციამ 9% შეადგინა. თუმცა, ბევრი ეკონომიკური ექსპერტი ოფიციალურ მაჩვენებლებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ ინფლაცია 9%-ს აღემატება.


ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილება ერთჯერადი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ზეწოლის შედეგია.


გიგა ბოკერიამ, გავლენიანმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან, 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ მთავრობა თავისი რეფორმების კურსის ერთგული რჩება. ”თუმცა, ეს რეფორმები ერთი ნაწილისთვის შეიძლება მტკივნეული იყოს და გვინდა, რომ ეს პრობლემები დახმარების გზით შევუმსუბუქოთ,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს. 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)