ოპოზიციამ გაზაფხულზე არჩევნების ჩატარების თაობაზე კონსტიტუციური ცვლილებები წარმოადგინა

საპარლამენტო ოპოზიციამ დაიწყო დეპუტატების ხელმოწერების შეგროვება კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის მხარდასაჭერად, რომელიც პარლამენტის არჩევნების ჩატარებას 2008 წლის გაზაფხულზე ითვალისწინებს, ნაცვლად შემოდგომისა, როგორც ეს 2006 წლის 27 დეკემბრის ცვლილებებით არის გათვალისწინებული.


ოპოზიციური პარტიების განცხადებით, დეკემბრის ცვლილებებით რამდენიმე თვით გაიზარდა საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, რაც ”ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს”.


ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ”პარლამენტის მორიგი არჩევნები ტარდება მისი უფლებამოსილების გასვლამდე არა უგვიანეს 15 დღისა. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნებამდე არა უგვიანეს 60 დღისა”.


თუმცა გაურკვეველია, კონკრეტულად როდის გასდის უფლებამოსილების 4-წლიანი ვადა მოქმედ პარლამენტს, რომლის პროპორციული წესით არჩეული ნაწილი 2004 წლის 28 მარტის, ხოლო მაჟორიტარული ნაწილი 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნების შედეგად აირჩა.


ოპოზიციის საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას 30-მდე ოპოზიციონერმა დეპუტატმა უკვე მოაწერა ხელი, რაც საკმარისი არ არის კანონპროექტის განხილვის დასაწყებად.

სულ ცოტა 112 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო ცვლილებების საკანონმდებლო ინიცირებისათვის, თუმცა მმართველი პარტიის ლიდერთა განცხადებით, უმრავლესობის წევრები არ აპირებენ საკითხის მხარდაჭერას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)