პარლამენტმა დემოგრაფიულ საკითხებზე ახალი მემარჯვენეების ინიციატივა განიხილა

დღეს პარლამენტმა დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების შესახებ ახალი მემარჯვენეების ინიცირებული კანონპროექტთა პაკეტი განიხილა, რომლის მიზანია აღნიშნული პრობლემის ფინანსური დახმარების სისტემის შემოღების გზით მოგვარება.

დემოგრაფიული საკითხი ახალი მემარჯვენეების საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

მემარჯვენეების ინიციატივის თანახმად: მშობიარობა 100 პროცენტით უნდა დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ; ყოველ ახალშობილზე ერთჯერადი დახმარების სახით უნდა გაიცეს 500 ლარი; ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების ხანგრძლივობა, დღეს არსებული 4 თვიდან უნდა გაიზარდოს 1 წლამდე;  14 წლამდე ასაკის მე-3 შვილზე ყოველთვიურად უნდა გაიცეს 300 ლარიანი დახმარება და ყოველ შემდეგ ბავშვზე უნდა დაემატოს 100 ლარი; 14 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობის ხარჯები სრულად უნდა დააფინანსოს სახელმწიფომ და აიკრძალოს ბაგა-ბაღების პრივატიზაცია.


ახალი მემარჯვენეების ლიდერის დავით გამყრელიძის განცხადებით, კანონპროექტით გათვალისწინებული დახმარებები სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა დააფინანსოს, ხოლო ამ პროგრამის განხორციელება უნდა დაეკისროს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, არსებული საკონსტიტუციო შეთანხმების ფარგლებში ხელისუფლებასთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულების საფუძველზე.


ახალი მემარჯვენეების ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა ”არასერიოზული” უწოდეს და განაცხადეს, რომ კანონპროექტი დემოგრაფიული პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით შედეგის მომცემი ვერ იქნება.


”ეკლესიის ჩარევა ხელისუფლების განხორციელებაში არასწორია,”- განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა მაია ნადირაძემ.


მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტს ასევე გაუჭირდება იმ ხარჯების დაფარვა, რომელსაც საკანონმდებლო ინიციატივა დაახლოებით 500 მილიონამდე ლარის ოდენობით ითვალისწინებს ყოველწლიურად.


კანონპროექტის კენჭისყრა უახლოეს დღეებში შედგება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის უმრავლესობის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)