ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართულ-ირანულ ურთიერთობებზე საუბრობს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ციპი ლივნიმ ისრაელში ვიზიტით მყოფ თავის ქართველ კოლეგასთან გელა ბეჟუაშვილთან შეხვედრაზე ”იმ პრობლემატულ შეხედულებაზე იმსჯელა, რომელიც ისრაელს გააჩნია საქართველოსა და ირანს შორის არსებული დიალოგის თაობაზე,” იტყობინება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ინგლისურენოვან საინფორმაციო შეტყობინებაში.


იმავდროულად, საქართველოს საგარეო უწყება აცხადებს თავის საინფორმაციო შეტყობინებაში, რომ ”საქართველოსა და ისრაელს შორის ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში აღინიშნა  სტრატეგიული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა”.


ამავე ინფორმაციით, ქართულმა მხარემ აგრეთვე დასვა საკითხები ლიბერალური საჰაერო მიმოსვლის რეჟიმის, ახალი ინვესტიციების წახალისების პაკეტის ხელმოწერის დაჩქარებისა და  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზე.


ისრაელის გაზეთ Haaretz-თან ინტერვიუში გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს სურვილია ”ისეთივე სტრატეგიული პარტნიორობა ჰქონდეს ისრაელთან, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან აქვს”.


Haaretz-მა ბეჟუაშვილის განცხადება ”სტრატეგიული პარტნიორობის” შესახებ ახსნა, როგორც თბილისის სურვილი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე, რაც ასევე გულისხმობს სამხედრო შესყიდვების განხორციელებას ისრაელში.


გაზეთის ცნობით, ამგვარი თანამშრომლობა 2005 წლამდე არსებობდა; თუმცა, მას შემდეგ ისრაელმა შეზღუდა საბრძოლო იარაღის მიყიდვა საქართველოსთვის რუსეთის ზეწოლის შედეგად.  
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)