თბილისი აფხაზეთის საკითხებზე გაეროს ექსპერტთა ჯგუფის შექმნას მოითხოვს

ქართული მხარე შეეცდება დაითანხმოს რუსეთის წარმომადგენლობა გაეროში, რათა მხარი დაუჭიროს გაეროს ექსპერტთა ჯგუფის შექმნას, რომელიც ანალიზს გაუკეთებს, თუ რატომ ვერ იქნა პროგრესი მიღწეული აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების საქმეში ბოლო 14 წლის განმავლობაში და წარმოადგენს ამ პროცესის სრულმასშტაბიანი გადახედვის თაობაზე რეკომენდაციებს.


ამის შესახებ დღეს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ კონფლიქტების საკითხებზე მომუშავე დროებით საპარლამენტო კომიტეტში გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, ჯგუფის შექმნა, რომელსაც გაეროს გენერალური მდივანის პან გი მუნის მიერ დანიშნული წარმომადგენელი უხელმძღვანელებს, ერთი თვის განმავლობაში გადაწყდება. ალასანიას განმარტებით, ჯგუფის ჩამოყალიბებას უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების უმეტესობა უჭერს მხარს.


”მაგრამ პროცესის ინიცირებას რუსეთიც უნდა დაეთანხმოს, ამიტომაც რუსეთთანაც გვაქვს კონსულტაციები,”- განაცხადა ალასანიამ, ”თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ  საქართველო ამ ინიციატივით არ იძახის უარს დღეს არსებული მექანიზმებზე და გაერომაც უნდა იცოდეს, რომ ჩვენ აღებულ ვალდებულებებს ვუერთგულებთ”.


იმავდროულად, ქართული მხარის ინიციატივით 29 ნოემბერს გაეროს შტაბბინაში აფხაზეთის საკითხებთან დაკავშირებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები და  აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე მალხაზ აქიშბაია.


ირაკლი ალასანიას განცხადებით, გაეროში ქართული დიპლომატიის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება იქნება ასევე აფხაზეთში ეთნიკური წმენდის აღიარება, ”რათა შესაბამისი ჩანაწერები გაჩნდეს გაეროს უშიშროების საბჭოს მომავალ რეზოლუციებში”.


უახლოეს ხანებში ქართული მხარე ასევე აპირებს ხელახლა დააყენოს 6 აგვისტოს საქართველოზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის ინციდენტის გაეროს უშიშროების საბჭოზე განხილვის საკითხი. ამ ინიციატივით თბილისი აგვისტოში ერთხელ უკვე გამოვიდა.


6 აგვისტოს ინციდენტის ეუთოში განხილვის შემდეგ, ჩვენ გვიჩნდება საშუალება ეს თემა ისევ წამოვწიოთ უშიშროების საბჭოზე, რასაც გავაკეთებთ კიდეც,”- განაცხადა ალასანიამ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)