რკინიგზაზე გარიგება ჩაიშალა

კომპანია Parkfield Investment Ltd.-სთან ადრე მიღწეული შეთანხმება შპს ”საქართველოს რკინიგზის” მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე გაუქმებულია, განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა 24 ოქტომბერს.


კითხვაზე, თუ რა იყო მიზეზი გარიგების ჩაშლისა, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი არველაძემ განაცხადა: ”ჩვენ მთავარი მიზანია გვქონდეს ისეთი ხელშეკრულება, რომელიც მაქსიმალურად სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის”.


ოფიციალური პირების განცხადებით, რკინიგზის მართვის უფლებით გადაცემაზე  ტენდერი გამოცხადდება. თუმცა, სახელმწიფო მინისტრმა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში კახა ბენდუქიძემ განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არ არის 100%-იანი წილი გადაეცემა ინვესტორს, თუ მხოლოდ ნაწილი.


”ამჟამად მთავრობაში მიმდინარეობს დისკუსია, თუ რა ფორმა იქნება ყველაზე სწორი – უნდა მოხდეს თუ არა რკინიგზის 100%-ით გასხვისება, 100%-ით მართვის უფლების გადაცემა, თუ მისი ნაწილის გასხვისება ან მართვის უფლებით გადაცემა.  ამიტომ განაცხადს ვაკეთებთ ზოგადი ფორმით, რომ გავიგოთ თუ რა წინადადებებია ზოგადად,” – განაცხადა ბენდუქიძემ.


როგორც კომპანია, ისე საქართველოს ხელუსუფლება დუმილს ამჯობინებდნენ  იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ დგას კომპანია Parkfield Investment Ltd.-ის უკან. ინფორმაციის ნაკლებობის შედეგად წარმოიშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ გარიგების უკან მოსკოვში დაფუძნებული რამდენიმე ქართველი ბიზნესმენი და ბადრი პატარკაციშვილი იდგნენ. ამავე ვარაუდების თანახმად, პატარკაციშვილი დათანხმდა რკინიგზა თავის მედია ჰოლდინგში გაეცვალა.


პატარკაციშვილმა კატეგორიულად უარყო ეს ვარაუდები. ოქტომბერში, როდესაც პატარკაციშვილი ხელისუფლებას დაუპირისპირდა, მან განაცხადა, რომ ადრე ხელისუფლებამ მას ”უამრავი მომხიბვლელი წინადადება” შესთავაზა ტელეკომპნია და რადიო ”იმედის” სანაცვლოდ. თუმცა, რას გულისხმობდა ის ”მომხიბვლელ წინადადებში”, მან არ დააკონკრეტა.


თავის ცნობილ სატელევიზიო გამოსვლაში, 25 ოქტომბერს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზა სააკაშვილის ”კარის ბიზნესმენს” რეზო შარანგიას გადაეცა. თუმცა მოგვიანებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოთქმული სხვა ბრალდებების მსგავსად, ოქრუაშვილმა ეს განცხადება უარყო თავის აღიარებით ჩვენებაში. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)