პატარკაციშვილის პუტჩი საქართველოში არ გამოვა – თბილისის მერი

ბიზნესმენმა და ტელერადიო ჰოლდინგი ”იმედის” მფლობელმა ბადრი პატარკაციშვილმა ადვილად შეძლო ქართული ოპოზიციის ყიდვა, თუმცა მისი ”პუტჩი საქართველოში არ გამოვა”, განაცხადა დღეს თბილისის მერმა გიგი უგულავამ.


მან კომენტარი პატარკაციშვილის წერილობით განცხადებაზე გააკეთა, სადაც ბიზნესმენი, რომელიც პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს, ღიად აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება დააფინანსოს ათი ოპოზიციური პარტიის მიერ წამოწყებული საპროტესტო კამპანია, რომლის ძირითადი მოთხოვნაა გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციას 2 ნოემბერს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გეგმავს. 


”პატარკაციშვილის პუტჩი საქართველოში არ გავა,”- განაცხადა უგულავამ, ”მან ვერ მოახერხა და ვერ იყიდა ქართული სპორტი, ვერ მოახერხა და ვერ ჩაიჯიბა ქართული ბიზნესი, ვერ იყიდა ქართული კულტურა, მაგრამ ადვილად შეძლო ქართული ოპოზიციის ყიდვა”.


უგულავამ პატარკაციშვილი ბოლშევიკ რევოლუციონერს, ”მოღალატე” სერგო ორჯონიკიძეს შეადარა, რომელმაც 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებაში დიდი როლი ითამაშა. ”რა ფერადაც არ უნდა გადაიღებოს სერგო ორჯონიკიძემ ულვაში ის ყოველთვის იყო, არის და იქნება საქართველოს მოღალატე,”- განაცხადა დედაქალაქის მერმა.


ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, დეპუტატი დავით კირკიტაძე ასევე გამოეხმაურა პატარკაციშვილის გადაწყვეტილებას და განაცხადა: ”ერთია ნათელი და ერთი მინდა მას ვუთხრა, რომ ქართველ ხალხს ის ვერ იყიდის ვერანაირი ფულით”. 


”პატრაკაციშვილი დიდი ხანია აფინანსებს ჩვენ ოპონენტებს, აფინანსებს ყოველგვარ არეულობას და არეულობის მცდელობებს ჩვენ ქვეყანაში, თუმცა გუშინ პირველად მოხდა ამის დეკლარირება მისი მხრიდან,”- აღნიშნა კირკიტაძემ 29 ოქტომბერს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)