ხელისუფლება მაღალი რანგის კონფერენციისთვის ემზადება
თბილისში 1-4 ნოემბერს დაგეგმილი მაღალი რანგის საერთაშორისო კონფერენციის დეტალები დღეს გახდა საჯარო, თუმცა ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება მონაწილეთა ვინაობა.
კონფერენცია სახელმწოდებით ”თბილისის სამიტი 2007: აღმოსავლეთ ევროპის მშენებლობა” ყურადღების ცენტრში მოექცა, ვინაიდან ის 2 ნოემბერს ოპოზიციის მიერ პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ემთხვევა.
დეპუტატები მმართველი პარტიიდან აცხადებენ, რომ ოპოზიციამ განზრახ დაგეგმა საპროტესტო აქცია 2 ნოემბერს. საქართველოს ხელისუფლებამ კონფერენციის ჩატარების შესახებ, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას, პირველად 8 ოქტომბერს განაცხადა – ერთი კვირის თავზე მას შემდეგ, რაც ათმა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტის წინ აქციის ჩატარების გეგმები გაახმოვანა.
კონფერენციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კონფერენცია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაზე, ენერგოუსაფრთხოებასა და სეპარატისტულ კონფლიქტებზე იმსჯელეს. კონფერენციის ადგილი მითითებული არ არის. ჩვეულებისამებრ, დიდ კონფერენციებს თბილისში Sheraton Metechi Palace, Tbilisi Marriot, ან Courtyard Marriot მასპინძლობენ. ბოლო ორი სასტუმრო პარლამენტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში მდებარეობს.
3-4 ნოემბერს დაგეგმილია კონფერენციის მონაწილეთა ჩასვლა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და აჭარაში. სტუმრები სამხეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის მხოლოდ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ეწვევიან. კონფერენცია მარშალის ფონდის დახმარებით იმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)