ბერძენიშვილი ხელისუფლებას მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს
ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა ხელისუფლება მძიმე შედეგების შესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ძალის გამოყენებას შეეცდებიან 2 ნოემბერს დაგეგმილი საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციის შედეგად საერთაშორისო შუამავლის გამოჩენას ელის.
გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ბერძენიშვილმა თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადება გაიხსენა, რომელმაც აღნიშნა, რომ სიტყვის თავისუფლება გარანტირებული იქნება, თუმცა პოლიცია უწესრიგობას აღკვეთს.
”2 ნოემბერს უამრავ ხალხს ველოდებით, ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი ხელისუფლებასთან და განსაზღვრული შედეგიც მიღწეული იქნება, – სამუშაო ან შემთანხმებელი ჯგუფი შეიქმნება, ან სულაც ბეიკერი ან კოლინ პაუელი ჩამოვა (კონკრეტულად, ვინ, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვიღაც რომ ჩამოვა, ვგრძნობ)… ჩემი აზრით, 2 ნოემბერს პროცესები დაიწყება, მაგრამ ჯერ არ ვიცით როგორ გადაწყდება ყველაფერი. სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ და ვემზადებით ამ დღისათვის. ვეცდებით, ხალხსა და ხელისუფლებას შორის ნორმალური დიალოგი შედგეს. თუ ხელისუფლება ხალხთან ომს დაიწყებს, ოპოზიცია ღმერთი და ყოვლისშემძლე არ არის, რომ უკურეაქცია აღკვეთოს. თუ ძალას გამოიყენებენ, მერე რაც მოხდება, ჩვენ პასუხს ვერ ვაგებთ,” – განაცხადა ბერძენიშვილმა, ”თუ ძალიან გონივრულად მოიქცევა, მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თავი საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიყვანოს”.
როგორც Civil.Ge იტყობინებოდა, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი, საქართველოს გზის ლიდერთან სალომე ზურაბიშვილთან და პარტია თავისუფლების ლიდერთან კონსტანტიტე გამსახურდიასთან ერთად ბრიუსელს სტუმრობდა, სადაც ოპოზიციის არარადიკალური პოზიცია დააფიქსირა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)