ბურჯანაძე: ზუგდიდში მომხდარი ძალადობის მსგავსი ფაქტი 2 ნოემბერს არ უნდა განმეორდეს
პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ დაგმო 28 ოქტომბერს ზუგდიდში ოპოზიციის საპროტესტო აქციის შემდეგ კონსერვატიული პარტიიდან დეპუტატების – ბეჟან გუნავასა და ბიძინა გუჯაბიძის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტები და განაცხადა, რომ 2 ნოემბრის აქციაზე მსგავსი ინციდენტების გამეორება ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას.
”ის რაც გუშინ ხდებოდა ზუგდიდში, არ აწყობს არავის – არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციის დიდ ნაწილს,”- განაცხადა ბურჯანაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, ”მსგავსი ქმედებები წყალს ასხამს ქვეყნის არაკეთილმოსურნეთა წისქვილზე ”.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხელისუფლების მომხრეებსა და ოპონენტებს 2 ნოემბრის აქციის წინ სიფრთხილისა და თავშეკავებისაკენ მოუწოდა.
”მიტინგი უნდა ჩატარდეს ისეთ ვითარებაში, როგორც ეს ნორმალურ სახელმწიფოს შეეფერება,”- აღნიშნა ბურჯანაძემ.
მან შინაგან საქმეთა მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან და გენპროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან გამართული საუბრების შემდეგ ასევე განაცხადა, რომ ზუგდიდის ინციდენტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ”რამდენიმე პიროვნება დაკავებულია”.
”სამწუხაროდ, პოლიციამ ვერ შეძლო [ზუგდიდში] ამ ფაქტების თავიდან აცილება,” – დასძინა ბურჯანაძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)