ხელისუფლება მზადაა ოპოზიციას მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის თაობაზე ესაუბროს
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან განაცხადეს, რომ მზად არიან ოპოზიციასთან დიალოგი გამართონ არსებული მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გადახედვის თაობაზე, თუმცა აღნიშნეს, რომ გამორიცხავენ კომპრომისს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საარჩევნო ადმინისტრაციების ფორმირების წესზე. ორივე ეს საკითხი ოპოზიციის მთავარი მოთხოვნაა მიმდინარე საპროტესტო კამპანიის ფონზე.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებების სახელისუფლებო ვარიანტი, რომელზეც ამჟამად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, დაახლოებით, 10 ნოემბრისთვის იქნება მზად.
”არის ორი-სამი ვარიანტი, რომელიც განსხვავებულია არსებული [მაჟორიტარული] ვარიანტისგან, სადაც გამარჯვებულს ყველა ხმა მიაქვს,”- განუცხადა დღეს ტელეკომპანია ”მზეს” პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა.
ოპოზიციამ უკვე წარმოადგინა საკუთარი საკანონმდებლო წინადადებები, სადაც ”მოგებულს ყველაფერი რჩება” პრინციპის შეცვლას მოითხოვს. ამ სისტემის მიხედვით, იმარჯვებს იმ პარტიის მაჟორიტარული სია, რომელიც ყველაზე მეტ ხმას დააგროვებს. სანაცვლოდ ოპოზიცია აყენებს მოთხოვნას, მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში მანდატები განაწილდეს თითოეული კანდიდატისთვის მიცემული ხმების საფუძველზე.
”ეს ჩვენთვის მიუღებელია და ეგ არ მოხდება, ჩემი აზრით,”- აცხადებს ოპოზიციის შეთავაზებაზე საპარლამენტო უმრავლესობის გავლენიანი დეპუტატი გიგა ბოკერია, ”რაიმე გადახედვაზე იმ კონტექტში იქნება ჩვენგან ლაპარაკი, თუ რა ტიპის იდეები და არგუმენტები ექნებათ მათ მომავალში”.
ბოკერია ხაზს უსვამს, რომ მაჟორიტარულ სისტემის შესაძლო შეცვლაზე ჯერ-ჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა დეპუტატი ნინო კალანდაძე Civil.ge-თან საუბარში ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში გარკვეული ”კომპრომისული” ვარიანტები განიხილება. ჯერ-ჯერობით მმართველი პარტიის დეპუტატები თავს არიდებენ კონკრეტულ ვარიანტებზე საუბარს.
დეპუტატმა პავლე კუბლაშვილმა, რომელიც ასევე აქტიურად არის ჩართული არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაში, Civil.ge-ს განუცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში მოსალოდნელი ყველა ცვლილება დაუკავშირდება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელშიც უმთავრესი სიახლე საარჩევნო ბარიერის 7-დან 5%-მდე დაწევაა.
მისი ინფორმაციით, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებზე უკვე მომავალი კვირიდან დაიწყებს მსჯელობას მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ოფიციალურად წარადგენს დოკუმენტს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)