ნოღაიდელი მიესალმა ეუთოს როლს კონფლიქტის მოგვარებაში
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი მიესალმა ეუთოს მცდელობებს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების საქმეში და განაცხადა, რომ ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისია (შსკ) უმოქმედოა.
ნოღაიდელმა ეს განცხადება 30 ოქტომბერს ვენაში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა, სადაც მან ძირითადად სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტებზე ისაუბრა.
”გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება და მათი განხორციელება შეუძლებელია, რადგანაც ფორმატი და თავად სეპარატისტები მუდმივად უარს აცხადებენ ინიციატივებზე და შემოთავაზებებზე,” – იუწყება ეუთოს პრეს-რელიზი ნოღაიდელის სიტყვებზე დაყრდნობით, ”კომისიის ფარგლებში ჩატარებული მოლაპარაკებები კონფლიქტს ახანგრძლივებს”.
”საქართველოს ხელისუფლება არ უარყოფს შსკ-ს. ფაქტიურად, ჩვენ მივესალმებით ეუთოს როლს, როგორც ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისკენ მიმართული მცდელობების ნაწილს. ამიტომაც, ხშირად მოვდივართ აქ სერიოზული წინადადებებით. მაგრამ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს საკმარისი არ არის. ეს მშვიდობას ვერ მოგვიტანს,” – განაცხადა ნოღაიდელმა.
მისი თქმით, კონფლიქტის მოსაგვარებლად სამი ურთიერთდამოკიდებული მიდგომაა საჭირო: პირველი, სამხრეთ ოსეთის სტატუსზე კონსულტაციები; მეორე, საერთაშორისო საზოგადოების ჩართვა შსკ-ს და სხვა ფორმატების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, ადამიანების და ტვირთების თავისუფალ გადაადგილებას და ხელს შეუწყობს დიალოგს; და მესამე, რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის და განვითარების ყოვლისმომცველი გეგმის განხორციელება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)