რუსეთის ელჩი განმუხურის ინციდენტის გამო საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო დაიბარეს, რათა ქართულმა მხარემ გადასცეს პროტესტი განმუხურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.


შეხვედრის დასრულების შემდეგ კოვალენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განმუხურის ინციდენტი ქართული მხარის მიერ იყო პროვოცირებული.

”იმ ინფორმაციით, რომელიც რუსეთის მხარეს გააჩნია, ინციდენტი ქართული პატრულის მიერ იყო პროვოცირებული, კერძოდ მაიორის მხრიდან, რომელიც აგრესიულად იქცეოდა, ემუქრებოდა იმ სამშვიდობოების სიცოცხლეს, რომელიც იმყოფებოდნენ რეგიონში გეგმიური გასვლით ამ რაიონის მონიტორინგის მიზნით,”- განაცხადა კოვალენკომ, ”მას შემდეგ, რაც ყველა ამ ქმედებამ მიიღო სამშვიდობოების ჯგუფის წევრების სიცოცხლისადმი მუქარის სახე, იქნა გადაწყვეტილება მიღებული ამ ადამიანების განიარაღების შესახებ და სიცოცხლის მუქარის მცდელობების განეიტრალების შესახებ”. 
 



თუმცა 30 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში საგარეო უწყებამ ინციდენტი შეაფასა, როგორც რუსი სამშვიდობოების ”არაპროვოცირებული თავდასხმა” ქართული პოლიციის საგუშაგოზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონის სოფელ განმუხურში. ინციდენტის შედეგად ხუთი ქართველი პოლიციელი იქნა ნაცემი.


”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსი სამშვიდობოების ამ თვითნებურ ავანტიურისტულ ქმედებას და მოუწოდებს რუსულ მხარეს, შეწყვიტოს პროვოკაციები, რომლებსაც რეგიონში სიტუაციის გამწვავება და გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს,”- ნათქვამია განცხადებაში.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმუხურის ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო ნოტით მიმართა ასევე დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს, რომელსაც მოეთხოვა დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების ”ყოფილი” სარდლის სერგეი ჩაბანის დაუყოვნებელი გაწვევა.

”ეს ქართული მხარის უფლებაა დააყენოს საკითხი,”- განაცხადა კოვალენკომ, ”თუმცა საკითხი გენერალ ჩაბანის შემდგომი დარჩენის შესახებ მხოლოდ თბილისში არ წყდება”.  


This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)