დეპუტატები სამშვიდობოების გაყვანას ითხოვენ – ალასანია
საქართველოს პარლამენტი ”პოლიტიკურ ზეწოლას” ახდენს მთავრობაზე განახორციელოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების ზონებიდან რუსული სამშვიდობო ძალების გაყვანის თაობაზე მიღებული დადგენილება, განაცხადა საქართველოს ელჩმა გაეროში ირაკლი ალასანიამ.
გასული წლის ივლისში პარლამენტმა უკვე დაავალა მთავრობას, დაეწყო აუცილებელი პროცედურები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე ე.წ სამშვიდობო ოპერაციების უსწრაფესი შეწყვეტისათვის და რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან დაუყოვნებლივ გაყვანისათვის. ეს საკითხი კვლავ წამოიწია განმუხურში მომხდარი ინციდენტის შედეგად. საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები 31 ოქტომბერს პარლამენტში უმრავლესობის ლიდერებს შეხვდნენ და ეს საკითხცი განიხილეს.
”პარლამენტი პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, რომ დაიწყონ [სამშვიდობოების] გაყვანის ვადებზე ფიქრი. ამრიგად, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული,” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ამ ეტაპზე გაიმართება შიდა დებატები საქართველოს მთავრობაში, თუ როგორ მოგვარდეს ვადების საკითხი და იმ მიდგომების საკითხი, რომელსაც ისინი აირჩევენ და როგორ განხორციელდეს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები”.
პრესკონფერენციაზე ირაკლი ალასანიამ განმუხურის ინციდენტის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს იყო რუსი სამხედროების მიერ საქართველოს პოლიციის შენაერთზე ”არაპროვოცირებული თავდასხმა”.
პრესკონფერეციაზე მან ასევე უჩვენა ვიდეომასალა, სადაც ჩანს როგორ დააკავეს და სცემეს ხუთი ქართველი პოლიციელი რუსმა სამშვიდობოებმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)